ანალიტიკური ცენტრის „საერთაშორისო გამოცდილება - საქართველოს“ დამფუძნებლის მურმან მარგველაშვილის შეფასებით, საქართველო ექსტრემალურ მდგომარეობაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა საკუთარი როლი გაიაზრონ.
"არცერთ მთავრობას არ გაუბედავს კურსის შეცვლა”, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, რომლის მთავარი თემა „რუსული კანონის“ გამო, საქართველოში შექმნილი რეალობა იყო.
ანალიტიკური ცენტრის „საერთაშორისო გამოცდილება - საქართველო“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელსაც „რუსული კანონის“ გამო უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოუწევს, მაგრამ როგორც მურმან მარგველაშვილი ამბობს, ამას თავისი ნებით არ იზამს, რაც სავარაუდოდ, ორგანიზაციის საქმიანობაზეც აისახება.
„ეს არის ჩემი შეურაცხყოფა, როგორც მოქალაქის. ყველას მინდა, თვალებში ჩავხედო და დავილაპარაკოთ. რატომ ვარ მე - მურმან მარგველაშვილი და ჩემი ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, - აცხადებდა ის BMG-სთან ინტერვიუში, მაისში, ვიდრე მმართველი პარტია რუსულ კანონს მიიღებდა.
„რა სჭირს დღეს საქართველოს“? – საინტერესო კითხვაა - ამბობს მურმან მარგველაშვილი „წერტილის“ წამყვანის კითხვაზე პასუხად და იქვე აღნიშნავს, რომ რაც ქვეყანას სჭირს, ამის მიზეზი მოქალაქეების პასიურობაა.
- ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავიდან ამოვიდე და სხვას არ დავაბრალო ყველაფერი. რა გვჭირს და ჩვენი პასიურობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა. ის გვჭირს, რომ არ ვართ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად ვიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენი და ჩვენი შვილების ბედს მივანდობთ ვიღაც ადამიანებს და მათ კონტროლზე არ ვხარჯავთ დროს; არ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე. სხვა მიმდინარე საქმეებით ვართ დაკავებული და შედეგიც არის ასეთი... ეს ეხება ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას და ყველას...
- თუმცა არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა?
- დიახ. ეს არ გაუბედავს არავის, ამიტომაც ახლა ექსტრემალურ მდგომარეობაში ვართ. {პასიურობის გამო} დაგროვდა ყველაფერი. ახლა ჩვენი სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბების და განვითარების ოქროს ხანაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა შედეგებს ვიღებთ ჩვენივე პასიურობის გამო და საკუთარი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში მაქსიმალურად ყველა ჩავერთოთ, ჩვენი პროფესიული თუ პირადი კავშირებით, რადგან საკვანძო მომენტში ვართ. ჩვენი შვილების მომავალი და იმათი შვილების მომავალიც წყდება, ვინც ახლა ხელისუფლებაშია - მათზეც უნდა ვიზრუნოთ. ვფიქრობ, უკმაყოფილების, სხვებზე გადაბრალების რეჟიმიდან უნდა გადავიდეთ მოქმედების ეტაპზე და უნდა მოვძებნოთ ჩვენი საკეთებელი, რაც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში - მათ შორის უნდა ვესაუბროთ ახლობლებს, ავუხსნათ ვინ ვინ არის და ა.შ. იცით, მიმაჩნია, რომ ჩვენ როდესაც იმ ხალხს მონებს ვუწოდებთ, მათ იმ კაფსულში ვამყარებთ, ამიტომ პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვცადოთ მათთვისაც ახსნა, რომ ეს ქვეყანა ყველასია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ თანაცხოვრების შესაძლებლობა და ამისთვის მარტივი რაღაც უნდა გავიაზროთ - ყველა ვართ ერთ ქვეყანაში, ერთი ნავით და თუ ეს ნავი კარგად იცურებს და სწორი მიმართულებით წავა, ყველასთვის კარგი იქნება და თუ ისე ივლის, როგორც ახლა, ყველასთვის - ცუდი. ეს ყველას უნდა გავაგებინოთ.