ამ ქვეყანაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსით სიარულს არ ვაპირებ - ასე პასუხობს ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მურმან მარგველაშვილი „საქმიანი დილის“ წამყვანის კითხვას - რა გავლენა შეიძლება იქონიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დონორების დაფინანსებასა და ქვეყანაზე.
მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ კანონის გავლენის შეფასებას რუსეთის მაგალითზე კარგად შეგვიძლია, მისი მიღება კი ყველაზე მეტად ქვეყანას და მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულ ნაწილს დაარტყამს. ის მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილთან დისკუსია და ინფორმირება მნიშვნელოვანია.
„ეს ბევრჯერ იქნა აღწერილი რუსეთის მაგალითზე თავისი ისტორიული თანმიმდევრობით. ეს შეიძლება მოხდეს თუ ჩვენ დავნებდებით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. მე ამ ქვეყანაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსით სიარულს არ ვაპირებ, ვაპირებ ჩემი თავის დაცვას. ჩვენ გვყავს ახლობლები და მეგობრები, ნათესავები, კლასელები, უბნელები, ზოგიერთი ვერ გაერკვა რა ხდება. უპირველეს ყოვლისა ეს ნაკლებინფორმირებული ხალხის ინტერესებზე მოახდენს გავლენას, რადგან სახელმწიფო ვერ განვითარდება. ჩვენ განვითარებაზე ვმუშაობთ. გარემო, სოციალური პრობლემები იქნება უარესი. ამ ხალხთან არის სალაპარაკო, რომ ეს მათთვის და ქვეყნისთვის მავნეა. რადგან ჩვენ ფაქტობრივად ხელს გვიშლიან, რომ ქვეყანა, ინსტიტუციები ვაშენოთ და ამაყი ქვეყანა ვიყოთ. ფეხბურთით რომ ვამაყობთ - კარგია, მაგრამ სხვა რაღაცებიც გვჭირდება, რომ ეს სიამაყე შევინარჩუნოთ - უნდა გვქონდეს ბიუჯეტური სახსრების და ყველაფრის მართლა გამჭვირვალობა, უნდა გვყავდეს ჭკვიანი და პროფესიონალი ხალხი მმართველ რგოლებში, რომლებსაც სახელმწიფოებრივი ხედვა ექნებათ და არა ასეთი გუნდური და სინამდვილეში ხროვული ხედვა. ამ ხალხს უნდა ვესაუბროთ - ეს არის ჩვენ რასაც ვაპირებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი შიშობს, რომ კანონის ინიციატორები და მისი მომხრეები არიან თავად უცხოური ძალის გავლენის ქვეშ, რაზედაც არამხოლოდ დღევანდელი რეალობა, არამედ სხვადასხვა განუხორციელებელი პროექტებიც მეტყველებს.
„მეშინია, რომ თვითონ ესენი არ იყვნენ მძევლები, რაში უნდა აწყობდეთ ეს ყველაფერი როდესაც ასეთ დადებით პროცესებში მივდივართ. მეშინია, რომ თვითონ არიან უცხო ძალის გავლენის ქვეშ და ეს ძალა ისეთი ძლიერია, რომ აიძულებთ მათ თავისი ოჯახის ინტერესების ... რატომ იხდიან თავს სასირცხვილოდ. ამის კიდევ ბევრი მაჩვენებელი არსებობს. წლების განმავლობაში ვერც ერთი სტრატეგიული პროექტი ვერ განვავითარეთ, არ გვაქვს რისკების შეფასება. თუ რაიმე რისკი არსებობს ქვეყანაში ის რისკების მაგალითში უნდა ეწეროს, მაჩვენეთ სად არის ის და რას წყვეტ ამით - არსად წერია ეს ყველაფერი. პროფესიული საქმიანობა რომ არ ხდება მაშინ ვხდებით მოწყვლადი, რადგან მორევაზე იქნება საქმე და არა გონებით მომზადებულ დოკუმენტებზე. ამ პრინციპების და კანონების მიღებაა ის, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა ჩვენ არ ვიყოთ ბანანის რესპუბლიკა, ვიღაცის ხელში სათამაშო“, - განმარტავს მურმან მარგველაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 83 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.