საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ.
სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა “მსოფლიო ბანკში” და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.
სტარტაპ ეკოსისტემაზე „რუსული კანონის“ გავლენას აფასებს სტარტაპერი და Kernel-ის თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი. როგორც სტარტაპერი bm.ge-სთან აღნიშნავს, „რუსული კანონის“ მიღება და დემოკრატიის დონის გაუარესება საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განადგურებას გამოიწვევს.
„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს, როგორც ქვეყნის რეპუტაცია, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესდა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. რამდენიმე ვენჩურული ფონდი დაინტერესდა საქართველოს ბაზრით. ჯამურად ბოლო ათ წელში მილიარდ ნახევარი ლარი გვაქვს დაახლოებით მოზიდული მთლიანად ეკოსისტემას.
საერთაშორისო დონორების და მათი ფინანსური დახმარების გარეშე დღეს არ იარსებებდა ეს ეკოსისტემა, რომელიც რეგიონში ყველაზე მზარდია.
ამ კანონის მიღება და დემოკრატიის დონის შემცირება, გაუარესება, ტექნოლოგიური სექტორის ფაქტობრივად მთლიანად განადგურებას გამოიწვევს. ამასთან, იმ ადამიანებსაც დავკარგავთ, ვისაც ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვთ. დიდი შანსია, რომ ისინი ქვეყნიდან წავლენ - არავის უნდა რუსეთში ცხოვრება“ - განმარტავს სტარტაპერი.
მთავრობამ “რუსულ კანონს” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭრია. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა სულ ერთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.