მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში უკვე უნდა შემოდიოდეს ვენჩურული კაპიტალი" - Kernel-ის თანადამფუძნებელი

კერნელი

სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ეტაპებზე "ანალიტიკასთან" Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი საუბრობს და საქართველოში ამ სექტორის განვითარების პირველ ეტაპზე GITA-ს მნიშვნელოვან ჩართულობასაც აღნიშნავს.

"სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო GITA-ს ჩართულობა, როდესაც საწყისი გრანტი 100 000-ლარიანი იყო და დღემდე, წარმატებული სტარტაპებიდან თითქმის ყველას, აქვს მიღებული ეს გრანტი, რომლითაც პირველი პროდუქტი შექმნეს, პირველი მომხმარებლები მოიზიდეს და ა.შ. - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.

ამის შემდეგ უკვე არის წარმატების ისტორიები, რამაც ეკოსისტემა კიდევ უფრო განავითარა და უფრო მეტ ადამიანს მოანდომა, სტარტაპი გაეკეთებინა. ვინც წარმატებას მიაღწია ან პირიქით - წარუმატებლობას - ხალხს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს", - აღნიშნავს დალაქიშვილი.

"კერნელის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ქვეყანაში ვენჩურული ფონდების შემოსვლაა საჭირო, რაც, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო, ამჟამად დაპაუზებულია.

"შემდეგი ეტაპი აუცილებლად არის ვენჩურული ფონდების და ანგელოზი ინვესტორების მოძიება, ეს უკანასკნელი მეტ-ნაკლებად დალაგებულია, იმიტომ რომ Axel-ი აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. უკვე უნდა შემოდიოდნენ ქვეყანაში ვენჩურული ფონდები და უცხოელი დამფუძნებლები, რომ საქართველოში დააფუძნონ კომპანიები - ეს იყო და სწორედ ის ტრაექტორია, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონალურად სერიოზული მოთამაშეები ვიყოთ, სწორედ ეს გაფუჭდა მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო და არ ვიცით, ეს რამდენად მალე შეცვლადია - ზიანი რამხელაა, ამის შეფასება ახლა ძალიან რთულია", - აღნიშნავს ბექა დალაქიშვილი.

სტარტაპერი რუსული კანონის ინიციირების შემდეგ სტარტაპ ეკოსისტემისთვის შექმნილ სხვა პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინვესტიციების მოძიება საგრძნობლად გართულდა.

დალაქიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ, რომლებზე პასუხებიც კომპანიებს არ აქვთ: "აბსოლუტურად ყველა სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქვეყანაში ოპერირებს, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყნის პოლიტიკური გეზის ცვლილებიდან და რეპუტაციის დაზიანებიდან გამომდინარე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები