მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციის შემდეგ, სტარტაპერები GITA-ს თავმჯდომარეს ხვდებიან

gita

სტარტაპების მიერ "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან" (GITA) გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეები სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრას მართავენ.

როგორც სტარტაპერები BMG-სთან აღნიშნავენ, ინდუსტრიისთვის, რომლის შენების პროცესშიც GITA ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მნიშვნელოვანია ტექნოპარკის ხელმძღვანელი პირების პოზიციების მოსმენა და მსჯელობა საკითხზე, თუ რა გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სტარტაპ ეკოსისტემაზე.

"ტექნოპარკი ერთგვარი აკვანია საქართველოში მეწარმეების და ტექნოლოგიური სექტორისთვის, GITA-სთან ერთად, ყველა ერთად ვაშენებთ ამ ინდუსტრიას, უკვე 10 წელია. ბევრი ვიშრომეთ, რომ საქართველოს იმიჯი და ბრენდი შექმნილიყო საერთაშორისო ინვესტორებთან. ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს აზიანებს ყველა მოქალაქეს და სექტორს, მაგრამ მთლიანად გაანადგურებს ტექ და სტარტაპ ეკოსისტემას.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ტექნოპარკი და GITA არ აფიქსირებს თავის პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გვინდა, მოვისმინოთ მათი ოფიციალური პოზიცია, სად დგას ტექნოპარკი, რამდენად აფასებენ ისინი მოვლენებს ისე, როგორც ჩვენ. აქ შეკრების ერთ-ერთი მიზანია, GITA-მ ოფიციალურად დააფიქსიროს და თქვას, მიმდინარე პროცესები რა გავლენას იქონიებს სექტორზე, როცა GITA სექტორის წამყვანი ფაქტორია. სიჩუმის და შუაში დადგომის დრო არ არის", - ამბობს ბექა დალაქიშვილი, "კერნელის" დამფუძნებელი.

Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ GITA-ს თანამშრომლები თავად არიან საპროტესტო აქციების მონაწილეები, თუმცა სტარტაპერებისთვის მმართველი რგოლის პოზიციაა საინტერესო.

"ვიცი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს GITA-ში, ბევრი მათგანი ჩვენთან ერთად დგას აქციებზე ყოველდღიურად, მაგრამ ძალიან გვინდა ხელმძღვანელობის პოზიცია მოვისმინოთ, გვაინტერესებს, რამდენად იზიარებენ ისინი ჩვენს მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, დასავლური ვექტორის ერთგული დავრჩეთ", - ამბობს ქეთი ებანოიძე.

GITA-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, მისთვის ევროპული ინტეგრაცია უპირობოდ მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები