საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ 2025 წელს ხელფასის სახით 114 542 ლარი აიღო. ამის შესახებ მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, მისი ცოლი თამარ ქერდიყოშვილი კომპანია „სოლუვიტოში“ რეგულატორული ინფორმატიკის და ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და გასულ წელს 50 761 ლარის ხელფასი აიღო.
მანვე გასულ წელს მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში 870 კვ.მ.-ის ფართობის მიწა 54 810 დოლარად შეიძინა. მას ეკუთვნის ასევე გორში სოფელ ახალშენსა და ქვემო ახალსოფელში 20 077 კვ.მ.-ის და 5 950 კვ.მ.-ის საგვარეულო მიწის ნაკვეთების 50%-იანი წილი, რომელიც ძმასთან ერთად მამიდისგან სიმბოლურ ფასად - ჯამში 1000 ლარად 2024 წელს შეიძინა.
თავად ავთანდილ კასრაძის სახელზეა თბილისში, ტირიფების ქუჩაზე 65.5 კვ.მ.-ის ბინა, რომელიც მან 68 775 დოლარად 2013 წელს იყიდა.
GITA-ს თავმჯდომარე ქონებრივ დეკლარაციაში სხვა უძრავ და მოძრავ ქონებას არ უთითებს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს, დოკუმენტის მიხედვით, მას თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 20 000 ლარის ოვერდრაფტი აქვს.
ავთანდილ კასრაძეს თიბისი ბანკში აქვს ასევე 2019 წელს აღებული 71 500 ლარის იპოთეკური სესხი, რისთვისაც გასულ წელს 21 688 ლარი გადაიხადა, ხოლო იმავე წელს აღებულ 117 000 ლარის სამომხმარებლო სესხს 2025 წელს 19691 ლარით მოემსახურა.
მას აქვს ასევე 2022 წელს აღებული იპოთეკური სესხი 40 000 ლარის მოცულობით და 2023 წელს აღებული 20 000 ლარის სესხი, რისთვისაც ჯამში 10 700 ლარის გასავალი ჰქონდა.
ამასთან, თამარ ქერდიყოშვილმა 2025 წელს 40 100 ევროს იპოთეკური სესხი აიღო, რომელსაც 1 924 ევროთი მოემსახურა.
ავთანდილ კასრაძემ 2025 წელს მამისგან 15 000 ლარის სესხი დაიბრუნა.
























