მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMB-ი საქართველოში ტექნოლოგიური და სერვისების ცენტრის შექმნას განიხილავს - ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრის დეტალები

ibm

საქართველოში, შესაძლოა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, IBM-ის ტექნოლოგიური და სერვისების ცენტრი შეიქმნას - ამ საკითხზე მოლაპარაკებები ლისაბონში, გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა.

ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე შედიოდნენ, IBM-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ჯონათან ადაშეკს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებული შესაძლებლობები და IBM-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში IBM-ის ტექნოლოგიური და სერვისების ცენტრის შექმნის შესაძლებლობა იყო", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

საუბარი შეეხო ისეთი მიმართულებების განვითარებასაც, როგორებიცაა: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, აპლიკაციების მოდერნიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალისა და ციფრული უნარების გაძლიერებას - განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამის, IBM SkillsBuild-ის ფარგლებში GITA-სა და ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ IBM-ის წარმომადგენლებს ქვეყნის მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და ბიზნესგარემო გააცნო.

ხაზი გაესვა ბოლო წლების დინამიკას, რომ საქართველოდან IT სერვისების ექსპორტმა 2025 წელს 1.15 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-იანი ზრდაა. ქვეყანაში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს, ხოლო ICT სექტორის წილი ეკონომიკაში 2026 წლის პირველ ნახევარში 8.9%-მდე გაიზარდა.

ქართული მხარის განცხადებით, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, წვდომა ევროპისა და აზიის ბაზრებთან, კვალიფიციური კადრები და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმები საქართველოს რეგიონულ IT ჰაბად აქცევს.

ცნობისთვის, IBM მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც 175-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მართვისა და საკონსულტაციო მიმართულებებს. საქართველო Web Summit 2026-ზე წელს მასშტაბური ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები