პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კონფერენცია - Web Summit 2026 გაიხსნა, სადაც საქართველო მასშტაბური ეროვნული პავილიონითა და 6 ინოვაციური სტარტაპით არის წარმოდგენილი.
"Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
Web Summit-ში საქართველოს მონაწილეობა ინიციატივის - StartUP in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ინვესტიციების სააგენტოს ერთობლივი პროექტია.
"აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საქართველოს, როგორც სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი ადგილის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.
ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანაში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით", - აღნიშნულია გავრცელებულ პრესრელიზში.
GITA-ს მხარდაჭერით, წლევანდელ სამიტზე საკუთარ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს 6 ქართული სტარტაპი წარადგენს: Quissly, AdMagica.ai, Filmcore, Zapio, Agrolog, Briano.
ორმა მათგანმა - Filmcore-მა და AdMagica-მ - Web Summit-ის ოფიციალურ სტარტაპ-კონკურსში, PITCH-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. PITCH-ის ფარგლებში სპეციალურად შერჩეული ადრეული ეტაპის სტარტაპები საკუთარ ბიზნესიდეებს ფართო აუდიტორიას და ვენჩურული ინვესტორებისა თუ გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისგან დაკომპლექტებულ მკაცრ ჟიურის გააცნობენ.
Web Summit 2026-ის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე დაესწრნენ.
























