საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებისა და რუსული კანონის ინიციირების შემდეგ, ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინვესტორებთან შეთანხმების მიღწევა უჭირთ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში "კერნელის" თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი საუბრობს და იმ გამოწვევებს გამოყოფს, რომლებიც დღეს სტარტაპ ეკოსისტემაში არსებობს.
დალაქიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტარტაპებისთვის არსებული გამოწვევების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.
"ყველაზე მთავარი ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, ვფიქრობ, ჩვენი რეპუტაციაა და როგორ გვიყურებენ საერთაშორისო პარტნიორები თუ ინვესტორები. ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება არის ერთ-ერთი მთავარი, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას შეუძლიათ, ისევე როგორც მნიშვნელობის მინიჭება იმისთვის, რომ, რეალურად, ამ სექტორს შეუძლია, ეკონომიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს.
საერთაშორისო პარტნიორებთან, ინვესტორებთან სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია და დღითი დღე გაუარესდება, თუ არ იქნება ქვეყნის მკვეთრი ცვლილება დემოკრატიისკენ. ძალიან გართულდება ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, სტარტაპებისთვის და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ეს შედეგად გამოიწვევს ქვეყნიდან ტალანტის გადინებას, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ტალანტის ექსპორტის კომპონენტი, რომელიც მზარდია, ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია და ახლა ეს კომპონენტი ძალიან ზარალდება, ხელს უშლის იმას, რომ ეს სექტორი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკაში", - ამბობს ბექა დალაქიშვილი.
წამყვანის კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ სტარტაპერებმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესის დამაბრკოლებელი ფაქტორები შერბილდეს, "კერნელის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.
"ძალიან რთულია ამის შერბილება, იმიტომ, რომ ეს უფრო პოლიტიკური საკითხია. ყველა სტარტაპი ცდილობს, თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად გააკეთოს, იმისთვის, რომ საქმით დაამტკიცონ, რომ კარგ ადგილას, კარგ საქმეს აკეთებენ.
ვიცი, რომ რამდენიმე მოლაპარაკება აქტიურ ინვესტორებთან კომპანიებს შეუჩერდათ, რადგან მათ საქართველოში ინვესტირება აღარ სურდათ, ამის გამო აღარ იწყება ახალი საუბრები ინვესტორებთან. ივნისის ბოლოს დაგეგმილ დიდ კონფერენციაზე არ ჩამოვიდნენ მოწვეული ინვესტორები, იმის გამო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ ვითარება, მიუღებელია მათთვის", - აცხადებს ბექა დალაქიშვილი.