მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სტარტაპ ეკოსისტემის ასაშენებლად 10 წელი დაგვჭირდა, მიმდინარე მოვლენები სრულად ანადგურებს მას” - Kernel

Kernel

ტექნოლოგიური სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ ე.წ. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები საერთაშორისო ინვესტორებმა შეაჩერეს. როგორც ის “ანალიტიკასთან" საუბრისას ამბობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სტარტაპ ეკოსისტემას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

“ტექნოლოგიური სექტორი, განსაკუთრებით სტარტაპები, ძირითადად ინვესტორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული. უამრავი ჩემი მეგობარი, რომელთანაც მაქვს კომუნიკაცია, აღნიშნავს, რომ ბევრ ინვესტორთან მოლაპარაკებები შეჩერდა. საქართველო ისედაც რისკიანი ქვეყანა იყო საერთაშორისო ინვესტორებისთვის, თუმცა შეჩერდა კონკრეტული მოლაპარაკებები.

მაგალითად, თვის ბოლოს დაგეგმილი იყო კონკრეტული კონფერენცია, რომელზედაც ძალიან ბევრი ინვესტორი უნდა ჩამოსულიყო ევროპიდან, მაგრამ ჩამოსვლაზე უარი თქვეს, ბილეთები გააუქმეს და აღარ ჩამოდიან.

სხვა სექტორებთან ერთად, ტექნოლოგიურ და სტარტაპ სექტორს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ძალიან ძლიერად დაარტყამს და ამის შემობრუნებას, შესაძლოა, ძალიან დიდი ხანი დასჭირდეს. საქართველო, შეიძლება, მოქნილი ქვეყანაა, ჩვენი ზომიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები არც ისე მოქნილები არიან და გაფუჭებული რეპუტაციის აღდგენა, რთულია”, - ამბობს ბექა დალაქიშვილი.

Kernel-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის დასავლელი პარტნიორების დაფინანსება ჩაუნაცვლებელია, მიუხედავად პარტნიორი ქვეყნების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებისა.

“ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ერთად ვაშენებდით სტარტაპ ეკოსისტემას. 10 წელი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად, რომ საერთაშორისო ინვესტორები, მათ შორის, ვენჩურული ფონდები, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ინვესტიციები ჩაედოთ ქართულ კომპანიებში, ეს სულ რამდენიმე წელია, დაიწყო. სახელმწიფოც შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან, რომ არ თქვას, რა მაგარი სტარტაპ ეკოსისტემა ავაშენეთო… რეგიონშიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და მოწინავე ეკოსისტემად ჩამოვყალიბდით და მიმდინარე მოვლენები ამას სრულად ანადგურებს და ძირს უთხრის.

10 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვეზიდა თანხები, შეგვექმნა პროდუქტები, გავსულიყავით საერთაშორისო ბაზრებზე იმისთვის, რომ სამიზნე ინვესტორების თვალში შეგვექმნა კონკრეტული ხედვა, როგორია საქართველოს ეკოსისტემა - ამის ჩანაცვლება პირდაპირ არ მოხდება.

უშუალო კავშირი მქონია ინდოეთის, სინგაპურის წარმომადგენლებთან, თუმცა იმისთვის, რომ ეს ჩანაცვლდეს, მინიმუმ კიდევ 10 წელი იქნება საჭირო. მეორე საკითხი ამ სექტორში ისაა, რომ მნიშვნელოვანია ინვესტორის ხარისხიც, ინვესტორი მხოლოდ თანხა არ არის, ეს არის დახმარება, კომპანია გაზარდოს, გააცნოს სწორი ხალხი, გაუღოს სწორი კარები, პარტნიორებთან დააკავშიროს და ა.შ. ასეთი ინვესტორები არიან დასავლეთში”, - ამბობს ბექა დალაქიშვილი.

ბექა დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ქვეყნის საგარეო კურსისა და სტაბილური მდგომარეობის აღდგენას იმედოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები