მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ დასაკვეხნი არ გვაქვს, რომ ბევრი სტარტაპი გვყავს" - დავით ველიაშვილი ეკოსისტემის გამოწვევებზე

დავით ველიაშვილი

საქართველოში სარისკო კაპიტალის მწვავე დეფიციტია, რადგან ქვეყნის ბაზარი პატარაა, ადგილობრივი ბიზნესი კი ტექნოლოგიური რისკების აღებას გარანტირებულ მცირე მოგებას ამჯობინებს - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" ენების შემსწავლელი ციფრული პლატფორმის, Lingwing-ის დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს მკაფიო განმარტება, თუ რა არის რეალურად ინოვაციური ბიზნესი. ამასთანავე, ელემენტარული სისტემური ბარიერების გამო - როგორიცაა მაგალითად ფაქტი, რომ საქართველო ციფრული პროდუქტებისთვის Google Play-ს მერჩანტების სიაშიც კი არ ფიგურირებს - ადგილობრივი სტარტაპები იძულებულნი ხდებიან, იურისდიქცია საზღვარგარეთ გადაიტანონ.

როგორც Lingwing-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, ეკოსისტემაში არსებული გამოწვევები კომპლექსურია და ბიზნესი წარმატების რეალურ ისტორიებს ელოდება, რომელთა შექმნაც ურთულესი პროცესია.

"დღემდე არ არის სტარტაპების დეფინიცია სწორად განსაზღვრული. ამ ტერმინის გაჩენის პირველივე დღიდან მახსოვს, ბევრი მსჯელობა და კამათი მიმდინარეობდა, თუმცა ქვეყანაში დღესაც არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმაზე, თუ რა არის მართლა სტარტაპი, რა არის ინოვაციური ბიზნესი და ა.შ. ამ პრობლემის გადაწყვეტის მზა რეცეპტს ახლა ვერ დავდებთ. ეს პრობლემა საცობს ჰგავს - როგორც საცობი ვერ გადაწყდება ერთი კონკრეტული ნაბიჯით, ისეა ამ შემთხვევაშიც. ბიზნესი, რა თქმა უნდა, წარმატების ისტორიებს ელოდება, თუმცა ამ ისტორიების შექმნა ძალიან რთულია, რადგან პროცესზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს", - აცხადებს დავით ველიაშვილი.

ველიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქართული სტარტაპების საზღვარგარეთ გასვლა ხშირად არა ფინანსური სიძლიერით, არამედ საქართველოში არსებული ტექნიკური და სისტემური ბარიერებით არის განპირობებული.

"ჩვენი კომპანია ნაწილობრივ უკვე გავიდა და სხვა ქვეყანას წარმოადგენს, თუმცა ეს არ მომხდარა "კარგი ცხოვრებით" ან იმით, რომ ბევრი ფული ვიშოვეთ. ელემენტარულად, ჩვენს აპლიკაციაში Google Play ვერ ჩავაშენეთ, რადგან საქართველო Google-ის მერჩანტების სიაშიც კი არ არის. ამის გამო ჩვენი კომპანია დღეს ნახევრად ამერიკულია. საქართველოში ბევრმა არც კი იცის, რომ სრულიად ციფრული პროდუქტის შემთხვევაში - როგორიც ჩვენი პლატფორმა Lingwing.com-ია - საქართველოდან ოპერირებისას Google Play-ს ჩაშენება უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ როცა არაციფრული ბიზნესებისთვის ეს გარკვეულწილად შესაძლებელია. ამიტომ პრობლემა უამრავია და საქართველოში ჯერ დასაკვეხნი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ბევრი სტარტაპი გვყავს", - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტზე საუბრისას, დავით ველიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული სტარტაპები უფრო სახელმწიფო გრანტებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე რეალურ საბაზრო შემოსავლებზე: "ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სტარტაპმა გრანტი კი არ მიიღოს, არამედ რეალური შეკვეთა ჰქონდეს ბიზნესისა და სახელმწიფოსგან. ჩვენი პლატფორმა საგანმანათლებლოა და, ფაქტობრივად, შანსი არ გვაქვს, რაიმე ფორმით შევიდეთ უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი მსხვილი კერძო უნივერსიტეტი ჩვენი პარტნიორია, თუმცა ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მათ მსგავსი პროდუქტის ხიბლი დაენახათ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი ამის შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს - პრეზენტაციასაც კი ვერ ჩავატარებთ. ამ პრობლემების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს".

Lingwing-ის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარისკო კაპიტალი არ არსებობს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური მასშტაბი და ბაზრის სიმცირე განაპირობებს.

"საქართველოში სარისკო კაპიტალის სერიოზული დეფიციტია. ჩვენ რაღაცას ვითხოვთ სტარტაპებისგან, მაგრამ ამის რესურსი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ იძულებული ვართ, კაპიტალი საზღვარგარეთ ვეძებოთ, ქვეყნიდან გავიდეთ - ეს ჩვეულებრივი ამბავია და ალბათ ყველა სტარტაპს ეხება. სარისკო კაპიტალი არ არის, რადგან პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ და მორჩა, ამას ბევრი ახსნა ალბათ არ სჭირდება. ჩვენს პლატფორმაზე 350 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული და საკმაოდ მაღალი კონვერსია გვაქვს. თითქოს შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ სინამდვილეში ეს არაფერია - ბაზარი ძალიან პატარაა. ძალიან ცოტაა ისეთი ბიზნესი, რომელსაც გააჩნია სახსრები პერსპექტიულ ტექნოლოგიურ პროგრამებში ფულის დასაბანდებლად. ბიზნესს ურჩევნია, დარჩეს ტრადიციულ სექტორში და ჰქონდეს გარანტირებული მცირე პროცენტის მოგება, ვიდრე წავიდეს რისკზე იმ გაურკვეველი პერსპექტივით, გაისვრის თუ არა სტარტაპი", - აცხადებს ველიაშვილი.

სტარტაპის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს როლსაც და აღნიშნა, რომ მიდგომები სასწრაფო გადახედვას საჭიროებს, რადგან ტექნოლოგიური პროცესები სწრაფად იცვლება, განათლების სისტემა კი ამ ტემპს ფეხს ვერ უწყობს.

"სახელმწიფომ ბევრი რამ გააკეთა - აფინანსებდნენ იდეებს და ეს ფული ძირითადად პროდუქტის, პროტოტიპის შექმნას ხმარდებოდა. თუმცა დღეს ყველაფერი იცვლება: თუ ადამიანმა პროტოტიპი ფულის გარეშე ვერ შექმნა, რას ჰქვია დღეს ფულის ჩადება პროტოტიპის დამზადებაში? ეს ყველაფერი გაცილებით სწრაფი ტემპით უნდა ვითარდებოდეს. უნივერსიტეტები ამ ტემპს ვერ მიჰყვებიან. სანამ უნივერსიტეტის ბიუროკრატია და ჩვენი განათლების სისტემა რაიმეს მოერგება, მანამდე ის ტექნოლოგია უკვე ძველდება და ყველაფერი თავიდან ხდება დასაწყები. მაგალითად, ჩვენ საგანმანათლებლო პლატფორმა გვაქვს, ცალკე ოფისითა და გუნდით, თუმცა უნივერსიტეტებთან კავშირი არ გვაქვს. არ არსებობს არცერთი უნივერსიტეტი, რომელთანაც ერთად კვლევებს ჩავატარებდით. არადა, უზარმაზარი შრომა გვაქვს ჩადებული და იმხელა კონტენტი შევქმენით, რომ ამოვბეჭდოთ, მთელ მაგიდას გადაავსებს. მიუხედავად ამისა, პროდუქტის შექმნის პროცესში უნივერსიტეტებთან არანაირი თანამშრომლობა არ ხდება", - განაცხადა დავით ველიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები