რატომ ერიდება ქართული კერძო კაპიტალი მაღალტექნოლოგიურ რისკებზე წასვლას და რა უნდა შესთავაზოს სტარტაპ ეკოსისტემამ ბიზნესს, რომ ფული მხოლოდ ტრადიციულ სექტორებში არ დარჩეს? - "ანალიტიკაში" ამ საკითხებზე საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, "აქსელის" დირექტორმა, ირო ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ეკოსისტემაში სამი მთავარი რგოლია: დამფუძნებლები, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტზე დაფუძნებულ კომპანიებს ქმნიან; ინვესტორები, რომლებმაც კაპიტალი უნდა დააბანდონ; და კერძო სექტორი, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში მიმდინარე პროცესებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ირო ცაგარეიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წლების განმავლობაში თავად ტერმინ "ინოვაციის" არასწორი აღქმა იყო, რამაც კერძო სექტორში გაურკვევლობა შექმნა.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ სამ რგოლს შორის ტრიალებს და რისი გამომწვევიც უმეტესად კერძო სექტორი იყო, არის ის, თუ რას ვეძახით ქვეყანაში რეალურად ინოვაციას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა ამაზე. პირობითად, ტაქსის ციფრულად გამოძახების სერვისს ვეძახდით ინოვაციას მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს უკვე მთელი მსოფლიო ჰქონდა მოცული. საქართველოსთვის ეს შეიძლება სიახლე იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსი პრაქტიკული შეცდომა დავუშვით, რაზეც ეკოსისტემის სტეიკჰოლდერები მუდმივად ვდარდობდით: რას ვეძახდით სტარტაპს და რას - ინოვაციას.
დღეს ბუნებრივია კერძო სექტორის რეაქცია, რადგან მათთვისაც გაურკვეველი იყო, რა უნდა შეგვეთავაზებინა ინოვაციის სახით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავად ეკოსისტემის ბევრი მონაწილეც კი თავს უქნევდა იმას, რაც სინამდვილეში ბაზარზე ინოვაციას არ წარმოადგენდა. დღეს ეკოსისტემის მხარდამჭერი ორგანიზაციები და კომპანიები უდიდეს დროს, ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე", - აღნიშნავს ის.
"აქსელის" დირექტორის განმარტებით, ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლების მაღალრისკიან ტექნოლოგიურ ინვესტიციებში ჩართვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა პროცესი დინამიკურია.
"ძალიან რთულია ე.წ. კონვერტაცია: მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც აქამდე სულ ტრადიციულ სექტორში ჰქონდა ინვესტიციები ჩადებული, დაიწყო მასთან საუბარი და გაუხსნა გზა მათთვის სრულიად არატრადიციულ სექტორში ნაბიჯ-ნაბიჯ შესასვლელად. თუმცა, როგორც კი სტარტაპერები და ეს ბიზნესმენები საერთო მაგიდასთან სხდებიან, სასაუბრო ენა მაინც საერთო გამოდის - ორივე მხარე ბიზნესს აკეთებს, ორივემ იცის საქმის წარმოება, საუბრობენ სამომავლო გეგმებზე, ფინანსებსა და რისკებზე.
ეს ინტერესი ნელ-ნელა საგრძნობლად იზრდება. თუ პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში "აქსელი" ნელი ტემპით მიდიოდა და 70 წევრს ვერ ვცდებოდით, დღეს უკვე 100-ზე მეტი წევრი გვყავს. ოღონდ ამაში იმდენად დიდი ადამიანური რესურსი იდება როგორც სტარტაპების, ისე ჩვენი მხრიდან, რომ ადამიანები ამ ინდუსტრიაში შემოსვლაში დავარწმუნოთ, ეს მართლაც რთული და თავსატეხებით სავსე გზაა", - ამბობ ირო ცაგარეიშვილი.
საერთაშორისო გამოცდილებასთან შედარებისას, ცაგარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მსგავს განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების ანაზღაურებასა და "ეგზიტებს" (კომპანიიდან წილის მომგებიანად გაყიდვას) მეტი დრო სჭირდება,
"ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია. ევროპის ბევრ ქვეყანაში სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სტარტაპ-ინვესტიციას ეგზიტების ბიზნესს უწოდებენ - დააბანდებ თანხას და ორ წელიწადში 3X–4X მულტიპლიკატორით გამოდიხარ. თუმცა ეს ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ინოვაციის ინდექსში პირველ ათეულსა თუ ოცეულს იკავებენ. საქართველო ჯერ ამ ეტაპზე არ არის. ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ინვესტორები 4-დან 7 წლამდე პერიოდს ელიან იმის დასანახად, მიდის თუ არა კომპანია ეგზიტისკენ.
რაც შეეხება თავად "აქსელის" პორტფელს: გვაქვს დაახლოებით 30-მდე კომპანია. აქედან 4-5 write-off-ია (ჩამოწერილი ინვესტიცია), სადაც დამფუძნებლები აგრძელებენ საქმიანობას, თუმცა კომპანიები აღარ იზრდებიან და ჩვენთვის პოტენციურ ეგზიტს აღარ წარმოადგენენ. მაგრამ დანარჩენ პორტფელს, ამ წარუმატებლობების ჩათვლით, აქვს 46%-იანი ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, რაც სტარტაპებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია", - ამბობს "აქსელის" დირექტორი.
ირო ცაგარეიშვილის თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს არაერთი წარმატებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთა შეფასებამაც 15–20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და რომლებიც გლობალურ ბაზრებზე ოპერირებენ.
"ეს არ არის ის აბსტრაქტული შეფასებები, რაც ხშირად გვესმის ეკოსისტემაში - საუბარია რეალურ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებენ. მაგალითად, Kings International ჩვენი პორტფოლიო სტარტაპია განათლების ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც საქართველოდან გავიდა, 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, არის revenue-positive (შემოსავლიანი) და ძალიან სწრაფად ვითარდება.
გვყავს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ნეობანკი, რომლის ქართველ დამფუძნებლებსაც წარსულში უკვე აქვთ განხორციელებული საკმაოდ დიდი ეგზიტი თავიანთი წინა ტექნოლოგიური ბიზნესიდან. დღეს ისინი ბრიტანეთში ნეობანკს განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის აკეთებენ - იქაც ინვესტორები ვართ და კომპანია მართლაც მიფრინავს.
გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია ხელოვნური ინტელექტისა და DevOps-ის მიმართულებით მომუშავე Teneo; ასევე Helio.AI, რომელიც არაერთ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს; და TelAgri, რომელიც ახლა გადის საქართველოს საზღვრებს გარეთ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
შეჯამებისას "აქსელის" დირექტორმა აღნიშნა, რომ ეკოსისტემაში წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს და ამ ინფორმაციის მოძიება ბიზნესისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს - მთავარი გამოწვევა მსხვილი კორპორაციების მხრიდან ინტერესის გაჩენაა.
"ქეისები ნამდვილად არსებობს. არიან სტარტაპერები, რომლებიც 4-5 წელია ამ საქმეს აკეთებენ და ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება აქვთ გადადებული კარგი შედეგების დასადებად. შეიძლება ამას ყოველდღიური ფართო მედიაგაშუქება არ ჰქონდეს, მაგრამ კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია - ამაზე ონლაინგამოცემებიც წერენ და სოციალურ ქსელებშიც ქვეყნდება.
ახლა ალბათ უფრო მეტი თვითმოტივაციაა საჭირო კერძო სექტორისა და დიდი კორპორაციების მხრიდან, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სტარტაპებისა და ზოგადად, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში", - განაცხადა ირო ცაგარეიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში".























