მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

ანზორ მეხრიშვილი

პანდემიამდე საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო კაპიტალმა და ტექნოლოგიურმა პროექტებმა მეზობელ სომხეთში გადაინაცვლა. BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, ანზორ მეხრიშვილის შეფასებით, ამის მიზეზი ძლიერი ლობისტური საქმიანობა, აქტიური დიასპორა და მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯებია.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, რეგიონულ კონკურენციაში პოზიციების დასაბრუნებლად საქართველოს კრიტიკული ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტვინების გადინების შეჩერება და პირდაპირი სუბსიდირების ნაცვლად, საგადასახადო შეღავათებსა და ექსპორტის ლობირებაზე გადასვლა სჭირდება.

ანზორ მეხრიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარეები - როგორებიცაა ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე, გამართული სკრინინგი და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაბალი გადასახადები - რეგიონულ მეტოქეებთან შედარებით ქვეყანამ პოზიციები დათმო.

"სომხეთი ჩვენზე უკეთესია ლობისტურ ნაწილში, რაც მათ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან მიმართებით გააჩნიათ. სწორედ ამის გამო მოხდა გარკვეული ინვესტიციების იქით გადაქაჩვა მაშინ, როცა ეს კაპიტალი წესით ჩვენს მხარეს უნდა წამოსულიყო.

პანდემიამდე პერიოდში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იყო, სადაც ტექნოლოგიური კუთხით ინვესტიციები ხორციელდებოდა. თუმცა ყარაბაღის ომის დასრულების, გარკვეული პოლიტიკური განცხადებებისა და ცვლილებების შემდეგ, ამ ინვესტიციების გადაქაჩვა მეზობელ ქვეყანაში დაიწყო. განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელსაც კასპიის ზღვაზე გასასვლელი და გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რაც ტექნოლოგიური მიზიდულობის ცენტრების შექმნის საშუალებას აძლევს, სომხეთმა ჩვენ პოლიტიკური და ლობისტური ფაქტორებით გვაჯობა.

გარდა ამისა, ვიცით, რომ სომხეთის გარეთ გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე უშუალოდ ქვეყანაში. თითოეული მათგანი ორიენტირებულია იმაზე, რომ მათი ქვეყანა იყოს ძლიერი. ქართველებს ეს მომენტი არ გვაქვს. ჩვენთან ტვინების გადინების დროს უკან მხოლოდ ერთეულები ბრუნდებიან და ქვეყანას გარედანაც ერთეულები ეხმარებიან. ეს ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია", - ამბობს ანზორ მეხრიშვილი.

მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ტექნოლოგიური ტალანტის დეფიციტი არ არის, თუმცა ადგილობრივი ბაზარი მათ შენარჩუნებას ვერ ახერხებს.

"ჩვენ არ განვიცდით ტექნოლოგიური კადრების ნაკლებობას, თუმცა გვაქვს ე.წ. ტვინების გადინება. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ქართველი სპეციალისტები არავისზე ნაკლები არ არიან. როდესაც დასავლური კომპანია ქართველ სპეციალისტს ორჯერ, სამჯერ და ა.შ. მეტს უხდის, ის ან ფიზიკურად აკეთებს რელოკაციას, ან დისტანციურად მუშაობს. შესაბამისად, მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ქართულ ბაზარზე აღარ ხდება და ამ ნაწილში დეფიციტი გვექმნება", - ამბობს ის.

BDO-ს წარმომადგენლის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტების მოსაზიდად ქვეყანას მსხვილი ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რაზეც მეზობელი ქვეყნები უკვე აქტიურად მუშაობენ: "მეზობელ ქვეყნებში ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს - ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას, დამოუკიდებელი ინტერნეტკაბელების შეყვანას და ა.შ.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვით რამდენიმე მაღალგამტარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გვქონდეს. ეს ქვეყანას მიმზიდველს გახდის დატა ცენტრების მშენებლობისთვის და უცხოური ინვესტიციებისთვის. როდესაც რომელიმე ერთი ტექნოლოგიური გიგანტი ჩვენთან მონაცემთა ცენტრს გახსნის, ეს ავტომატურად გახდება ბუსტი და მაინიცირებელი სხვა მსხვილი მოთამაშეებისთვისაც.

სახელმწიფომ სწორედ ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა გაუწიოს ლობირება. პარალელურად, საჭიროა მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც კრიტიკულ და სექტორულ ინფრასტრუქტურას სათანადო მოთხოვნებს დაუყენებს და მენეჯმენტის დონეზე ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფს",- ამბობს ის.

ანზორ მეხრიშვილის ხედვით, ეკოსისტემის წინსვლისთვის ფუნდამენტურია კვლევებისა და განვითარების სფეროში ინვესტიციები და უნივერსიტეტების ჩართულობაც, თუმცა სახელმწიფომ დაფინანსების მოდელი უნდა შეცვალოს.

"R&D-ის მიმართულებით ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია, სხვაგვარად სფერო ვერ განვითარდება. ვერ მოხდება მენეჯმენტის ცნობიერების ამაღლება, ვერ შეფასდება რისკები და ვერ მოიძებნება სწორი გზა, საითაც კომპანია ან სახელმწიფო უნდა წავიდეს.

რაც შეეხება სტარტაპების მხარდაჭერას - ეს უნდა მოხდეს არა პირდაპირი სუბსიდირებითა და დაფინანსებით, არამედ საგადასახადო შეღავათებით, უცხოურ ბაზრებზე ლობირებითა და პროდუქტის ქვეყნის ინფრასტრუქტურაში დატესტვის შესაძლებლობით. 3.5-მილიონიანი ქვეყანა ვართ, ამიტომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. სახელმწიფოს ვალია, ქართულ სტარტაპს საერთაშორისო ინტეგრაციასა და ლობირებაში დაეხმაროს, რათა იდეებმა განვითარება და ფულის გენერაცია შეძლოს", - აღნიშნა ანზორ მეხრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები