ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ხელოვნური ინტელექტის სექტორში კაპიტალური დანახარჯების სახით უკვე ჯამურად $1.1 ტრილიონი გამოყვეს.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ისა და Meta-ს ჯამურმა კაპიტალურმა დანახარჯებმა $745 მილიარდს მიაღწია, რაც ძირითადად მონაცემთა ცენტრების, ჩიპებისა და ენერგორესურსების დაფინანსებას მოხმარდება.
როგორც The Financtial Times-ი წერს, კაპიტალური დაბანდებების მკვეთრმა ზრდამ უმსხვილესი ტექნოლოგიური ჯგუფები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინვესტორებადაც აქცია. კვლევითი კომპანია RBC Capital-ის ანალიტიკოსი, რიში ჯალურია აღნიშნავს, რომ კაპიტალური დანახარჯების ზრდის შეჩერება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, დიდი კომპანიები ინფრასტრუქტურას მალე კიდევ უფრო გააფართოებენ.
FT-ს ცნობით, მხოლოდ 2026 წლის მეორე კვარტალში სამმა კომპანიამ - Meta-მ, Google-მა და Microsoft-მა - $900 მილიარდამდე ახალი ფინანსური ვალდებულება აიღო. Google-ის მომავალი ვალდებულებები უკვე $500 მილიარდითაა გაზრდილი, ხოლო Meta-ს $233 მილიარდის ახალი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.
ამ მასშტაბური დანახარჯების ფონზე ოთხი გიგანტის ერთობლივი თავისუფალი ფულადი ნაკადი ბოლო ათწლეულის მინიმუმამდე, $7 მილიარდამდეა შემცირებული, რაც ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს განსაკუთრებით არ მოსწონთ. თუმცა კი, Amazon-ის გენერალურმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ უკვე განაცხადა, რომ ინვესტორებს ფულადი ნაკადების შემცირებასთან შეგუება მანამ მოუწევს, სანამ ახალი მონაცემთა ცენტრები ექსპლუატაციაში შევა, შემდგომ კი ისინი შემოსავლის ახალ და მნიშვნელოვან წყაროებად იქცევიან.




























