ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია TCL-მა სამხრეთკორეულ მეტოქე Samsung-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. დავის მთავარი საგანი ტელევიზორების რეკლამირებისას Mini LED ტექნოლოგიის შესახებ მომხმარებლებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია გახდა. სარჩელის თანახმად, Samsung-ი M სერიის მოდელებს იმ ტექნოლოგიურ უპირატესობებს მიაწერდა, რომლებიც მოწყობილობებს სინამდვილეში არ გააჩნია.
ჩინური მწარმოებლის შეფასებით, სამხრეთკორეულმა გიგანტმა სტანდარტული LED მოდელები მომხმარებელს გაუმჯობესებული ტექნოლოგიის სახელით შესთავაზა. TCL-ის იურისტების განმარტებით, ამ ნაბიჯმა ბაზარზე კომპანიის რეპუტაცია და გაყიდვების მაჩვენებლები დააზარალა. 2023-2025 წლებში აშშ-ის ბაზარზე Mini LED ტელევიზორების გაყიდვებით სწორედ TCL-ი ლიდერობდა და Samsung-ს გაუსწრო. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მეტოქე კომპანიამ ბაზრის წილის დაბრუნება არაკეთილსინდისიერი მარკეტინგული კამპანიით სცადა.
რაც შეეხება სამართლებრივ მოთხოვნებს, TCL-ი სასამართლოსგან Samsung-ის მხრიდან Mini LED ტექნოლოგიით რეკლამირების შეზღუდვას და მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. Samsung-ის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ კომპანია საკუთარ პოზიციებს სასამართლოში აუცილებლად დაიცავს. მწარმოებლის მტკიცებით, პროდუქციის აღწერილობა და ტექნიკური მახასიათებლები რეალობას სრულად შეესაბამება.
ცნობისთვის, Mini LED ტექნოლოგია ეკრანის კონტრასტულობასა და დინამიკურ დიაპაზონს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს სტანდარტულ LED ეკრანებთან შედარებით ჩვენების ბევრად მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.




























