ენერგეტიკის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივით მიმართავს. ბიზნესი CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინებას ითხოვს. ინიციატორი საქართველოს მზის ენერგიის ასოციაცია და განახლებადი ენერგიის ასოციაცია GREDA-ა.
„22 ნოემბერს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტრო, GREDA-ს წევრები. ერთ-ერთი თემა და არა ერთადერთი თემა, რაც დააინიცირა კერძო სექტორმა და ახალი ინიციატივა შეიტანა CFD აუქციონების ნაწილში, იყო ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების ინიციატივა.
ამ ეტაპზე აზიის განვითარების ბანკი აწარმოებს კვლევას, რომელიც ეხება იმას, თუ რამდენად შეგვიძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე დავარეგულიროთ ეს საკითხი. კერძო სექტორი ჩქარობს და უნდა ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განხორციელდეს და სწორედ ამიტომ იყო ინიციატივა შემოსული კერძო სექტორისგან“,- აცხადებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მშენებლობა, მთავრობის ელექტროსისტემის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ტიპის ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემების გამოყენების გამოცდილება ქვეყანას ჯერ არ აქვს.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ბიზნესს აქვს სურვილი ამ ტიპის პროექტებით შევიდეს აუქციონებში და ქვეყანას ჰქონდეს არამხოლოდ რეზერვუარიანი მარეგულირებელი ჰესები, არამედ სისტემის მდგრადობისთვის არსებობდეს დამხმარე მექანიზმებიც.
„ასეთი ობიექტები ბევრი შენდება განვითარებულ ქვეყნებში. მიზეზი ამის არის ის, რომ როდესაც მოხმარება იზრდება პიკურ საათებში საჭირო არის დაბალანსება, ანუ ქსელში ბალანსი გვჭირდება. ამ დაბალანსებისთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის გენერაციის ობიექტების ქონა. ამ მიმართულებით მუშაობს განვითარებული სამყარო, თუმცა მათ ასევე ახალი ინიციატივა აქვთ. უნდათ ბაზარზე გაყიდონ ეს ელექტროენერგია. ჩვენ ჯერ ერთი ნაბიჯით უკან ვართ, მაგრამ სანამ ბაზარი გაიხსნება, მანამდე არის სურვილი, CFD აუქციონში ჩაერთონ ამ ტიპის პროექტები, ანუ ელექტროენერგიის დამაგროვებელი/შემნახველი ბატარეები.
ჩვენ მსგავსი პრაქტიკა ჯერ არ გაგვაჩნია, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ არამხოლოდ მარეგულირებელი ჰესები გვქონდეს, რომელსაც ექნება რეზერვუარი, არამედ დამხმარე სახით გაჩნდეს ახალი მექანიზმი, რომელიც იქნება ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეები“,-აცხადებს მელიქიძე.
აღსანიშნია, რომ ენერგეტიკის სექტორი მეორე სიმძლავრის აუქციონისთვის ემზადება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს. კერძო სექტორი არ ელის, რომ დამაგროვებლების ტექნოლოგიის გათვალისწინება ასეთ მოკლე დროში მოხდება, თუმცა განახლებადი ენერგიის ასოციაციას მოლოდინი აქვს, რომ გარკვეულ ელემენტებს ეკონომიკის სამინისტრო მესამე სიმძლავრის აუქციონებში გაითვალისწინებს.
„შესაძლებელია მესამე აუქციონში ელემენტები გაჩნდეს, შესაძლოა სრულყოფილად არა, მაგრამ ელემენტები გაჩნდება. მეორეში ვერ მოესწრება, რადგან ახალი ინიციატივაა“,-აღნიშნავს მელიქიძე.
მისი განმარტებით, მსოფლიო პრაქტიკა 50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პრაქტიკას იცნობს, არსებობს 25 და 30 მეგავატის სიმძლავრის დამაგროვებლებიც, თუმცა საქართველოს შეუძლია 2 მეგავატი სიმძლავრის შემნახველი ტექნოლოგიით დაიწყოს. შესაძლებელია მზის, ქარის და ჰიდროსადგურებთან კომბინაცია, რადგან მელიქიძის განცხადებით, ცალკე 2 მეგავატის დამაგროვებლების პროექტის განხორციელება ბიზნესისთვის მომგებიანი არ იქნება.