მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„PPA კონტრაქტებს ძირითადად მზის კომპანიები იყენებენ“ - ჩატარდება თუ არა მესამე CFD აუქციონი?

მაია მელიქიძე

გახდება თუ არა საჭირო ენერგოპროექტების განსახორციელებლად მესამე CFD აუქციონის ჩატარება, მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მეორე CFD აუქციონში დადგენილი ტარიფი ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისთვის მისაღები არ არის, ამიტომ წლის ბოლოს გაირკვევა, რამდენი პროექტის ინვესტორი მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს PPA კონტრაქტის მისაღებად, რა სქემაც სწორედ მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ მედიანურ ტარიფებს ეყრდნობა.

როგორც ცნობილია, კერძო სექტორს ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა სექტემბრიდან შეუძლიათ. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიცვალა CFD აუქციონები, რომელიც აქამდე ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერ სქემად გამოიყენებოდა.

როგორც მაია მელიქიძე ამბობს, ამ შესაძლებლობას ძირითადად მზის გენერაციის კომპანიები იყენებენ.

„მეორე CFD აუქციონმა ცალსახად გამოავლინა, რომ ტარიფი სახარბიელოა მზის გენერაციის ობიექტებისთვის, ქარისთვის, მაგრამ ყოვლად არასახარბიელოა ჰიდროგენერაციისთვის, ვინაიდან ინვესტირებული თანხის ამოსაღებად ინვესტორებს სჭირდებათ არა 10 წელი როგორი მოლოდინიც აქვთ ხოლმე, არამედ 13-15 წელი, და ეს საკმაოდ დიდი პერიოდია.

ძირითადად, დღევანდელ შესაძლებლობას იყენებენ მზის კომპანიები, მაქსიმალურად არიან დაინტერესებულნი და აქტიური შეხვედრები აქვთ სამინისტროს წარმომადგენლებთან. 2024 წლის 31 დეკემბერს ეს ყველაფერი ჩაიკეტება, იანვარში შეფასდება და დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში, ბოლოში ჩვენ უკვე გვეცოდინება, რა მოცემულობაა მესამე CFD აუქციონთან მიმართებით“,- აცხადებს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, მეორე სიმძლავრის აუქციონში ფიქსირებული მედიანური ტარიფი მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6.5 ცენტი, ქარის ელექტროსადგურებისთვის, 6, მზის ელექტროსადგურებისთვის კი 5,6 ცენტით არის განსაზღვრული.

ეს არის ის ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირი ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები