მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრთხილად უნდა ვიყოთ, არაკვალიფიციური ინვესტორი არ შეგვრჩეს" - რა შეღავათია ენერგო ინვესტორებისთვის გარანტიისგან გათავისუფლება?

მაია მელიქიძე

მთავრობა ენერგეტიკული პროექტების ინვესტორებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე წარსადგენი გარანტიისგან ათავისუფლებს. მთავრობის დადგენილებით, შეღავათი ეხება როგორც მზის, ისე ქარისა და იმ ჰიდროელექტროსადგურის პროექტებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.

პირველი ვიცე პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მარტივი ლოგიკური ახსნა აქვს, რომ არ სურთ ინვესტორები მაღალი გარანტიებით შეზღუდონ.

გარანტიები, რომელსაც სახელმწიფო პროექტის წინარე, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ეტაპზე ინვესტორისგან მოითხოვდა, პროექტში არაკვალიფიციური, დაბალი გამოცდილების მქონე ინვესტორის შესვლის ერთგვარი გადაზღვევის მექანიზმს წარმოადგენდა, თუმცა როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, სახელმწიფოს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა, წარმოდგენა ჰქონდეს რა გამოცდილების ინვესტორი აპირებს პროექტში შემოსვლას, თუმცა ის მაინც მთავრობას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

„ამ დადგენილებას ჰქონდა ორი მხარე, ერთი - არ შემოსულიყო ბაზარზე არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური, დაბალი გამოცდილების მქონე ინვესტორი. ამიტომ იყო თავიდანვე არა სამშენებლო ეტაპზე, არამედ მოსამზადებელ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე მოთხოვნა ამ გარანტიების. ეს იყო სახელმწიფოს ხედვა.

მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს საკმაოდ კარგად დაგროვილი გამოცდილება ინვესტორებთან ურთიერთობის ჭრილში და წარმოდგენა აქვს, რომელი ინვესტორი არის იმ გამოცდილების მქონე, რომ შემოვიდეს ამ ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება წავაწყდეთ ისეთ მოცემულობას, რომ პროექტი ბევრი არსებობდეს და აშენებული უკვე არცერთი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება ისეთი პროექტი გვქონდეს, რომლის აშენების პერსპექტივა არსებობს. ჩვენთვის გადამწყვეტია ის, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ვიყოთ დამოუკიდებელი, ამ პროცესს ხელს უწყობს სწორედაც ეს დადგენილება.

მეორე ნაწილიც აქვს ამ ყველაფერს, ეს გარანტიები საიდან უნდა მოეტანათ? შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებიდან. ვინაიდან საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი, ფინანსურ ინსტიტუტებსაც გაუჩნდათ ბუნებრივია ის მომენტი, რომ ბევრმა მიმართა და ამ გარანტიების გაცემის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პორტფელი შეიკრა, მაგრამ ამ პორტფელს მეორე მხარეც აქვს, ამ დიდ თანხას აჩერებენ და ეს გაჩერება ფინანსური ინსტიტუტებისთვის მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად არასახარბიელოა, მით უმეტეს მანამდე, სანამ ეს გადავა სამშენებლო ეტაპზე.

ეს გადაწყვეტილება ორი მიმართულებით არის სასარგებლო, ერთი - ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ექნებათ ამხელა ვალდებულება იმისა, რომ გასცენ ამ ტიპის გარანტიები და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტორს. მესამე, ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან მიმართებით, რომ არაკვალიფიციური ინვესტორი არ შეგვრჩეს შემთხვევით, აიღოს იმაზე მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა თავის თავზე, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები