მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს

6012d5adcd986
ელენე გოგბერაშვილი
29.01.21 10:10
2296
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ ახალ რეგულაციებზე საუბრობს, რომლის დაკმაყოფილებაც 85-მდე საწარმოს 1 ივნისიდან მოუწევს.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით, საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებული ხდება, დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა აღრიცხვა განახორციელოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კერძო სექტორს გადასაიარაღებლად 4 თვე რჩება, თუმცა ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ბიზნესი მზად არ არის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება 1 ივნისამდე ტექნიკურად შეუძლებელია. ბიზნესისთვის არც სტანდარტების ნუსხაა (ნივთიერებათა ჩამონათვალი, რაზეც მონიტორიგის მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს) ცნობილი, რაც სამინისტროს 1 იანვრისთვის უნდა გამოექვეყნებინა.

„თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ 1 ივნისამდე საწარმოებმა მოასწრონ მოწყობილობების დამონტაჟება. მეორეა ხარჯები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯები იქნება კომპანიებისთვის. თავისთავად, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ მათ ეს ხარჯები გაიღონ, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ დენის ტარიფი გაუორმაგდათ, გავითვალსიწინოთ, რა ხდება კოვიდის დროს საერთაშორისო ბაზრებზე და გაყიდვებზე რა პრობლემები აქვთ, რადგან მოხმარება დაეცა და გავითვალისწინოთ ლარის კურსის ვარდნა. ამ დროს ასეთი ხარჯები, როდესაც შეიძლება მილიონებზე ავიდნენ კომპანიები, იქნება ძალიან მძიმე, ამიტომ ჯამში ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იქნებ ეს წელი გადაგორდეს, ვნახოთ წლის ბოლოს რა იქნება და ვალდებულება კომპანიებს უკვე 31 დეკემბრიდან ჰქონდეთ “-აცხადებს ვეფხვაძე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს.

ბიზნესს კანონის მოქმედების ვადების გარდა შენიშვნები აქვს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებითაც. როგორც კანონპროექტშია განმარტებული, თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს , რაც განემორების შემთხვევაში ორმაგდება. კანონი კომპანიებს ავალდებულებს, ჰქონდეთ აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, რომლის არქონის შემთხვევაში სანქცია 10 - დან 20 ათასი ლარის ფარგლებშია.

„2 ივნისს უკვე შეუძლია ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმები გამოუწეროს ნებისმიერ საწარმოს, რადგან კანონი არ ითვალისწინებს გაფრთხილებას. ვისურვებდი ასეთი ადმინისტარციული მექანიზმების დროს იყოს გაფრთხილება იმისთვის, რომ კომპანიებს  დრო ჰქონდეთ ადაპტაციისთვის. ერთია დამონტაჟება, მეორეა ინფორმაციის ჯეროვანი მიღება. ამას სჭირდება სპეციალისტი და ამიტომ ვისურვებდი ვადები გადავწიოთ და კომპანიები ამ უბედურ წელიწადს არ დავსაჯოთ და არ ვაჯარიმოთ“-აცხადებს ვეფხვაძე.

შეიცვლის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო პოზიციას ჯერ უცნობია, თუმცა ბიზნესთან მინისტრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში გარკვევით იყო აღნიშნული, რომ ცვლილებები ძალაში 1 ივნისიდან შევა. ლევან დავითაშვილმა ახალ გარემოსდაცვით მოთხოვნებზე ცოტა ხნის წინ "ფორბსთან" ინტერვიუშიც ისაუბრა და თქვა, რომ ბიზნესის მხრიდან საქმის ნებისმიერ ფასად კეთება არ შეიძლება.

წავა თუ არა მთავრობა კერძო სექტორთან დათმობაზე ამას დრო აჩვენებს. სანამ პარლამენტში კანონპროექტი მესამე მოსმენაზე გავა, სავარაუდოდ ბიზნესთან საკითხზე მსჯელობა გარემოს დაცვის კომიტეტის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტმა ბიზნეს ასოციაციისგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო, სადაც კერძო სექტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რის გამოც ისინი რეგუალციის ამოქმედების დროში გადაწევას ითხოვენ.