მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესმა ხელფასები 20%-ით გაზარდა, მაგრამ კადრებს მაინც ვერ პოულობს“ - ლევან ვეფხვაძე

63bd778126fd8
გიგა ბენია
16.01.23 09:00
4379
„ბიზნესმა ხელფასები 20%-ით გაზარდა, მაგრამ კადრებს მაინც ვერ პოულობს“,- ამის შესახებ bm.ge-ს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

ვეფხვაძის თქმით, მიუხედავად გაზრდილი სახელფასო ფონდისა, კომპანიებში კვალიფიციური კადრების პოვნა მაინც ჭირს. მისივე განცხადებით, კერძო სექტორს ხელფასების მეტად გაზრდის საშუალება არ აქვს. სამუშაო ძალის დეფიციტის მთავარ მიზეზად კი ლევან ვეფხვაძე მიგრაციას ასახელებს.

„შეგვიძლია ხელფასები გავაათმაგოთ, მაგრამ ეს საბოლოოდ პროდუქციის ფასზე აისახება. ჩვენი ეკონომიკა იმ მოცულობის არ არის, რომ ფასების მკვეთრი ზრდა აიტანოს. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ქვეყნიდან წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ. თუ მშპ დღეს არსებული ზრდის ტემპით გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ევროპაში წასული მოქალაქეები, რომლებსაც, შესაძლოა, იქაური ხელფასიც არ მოსწონდეთ, უკან დაბრუნდებიან და სამუშაო ძალის დეფიციტიც აღმოიფხვრება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა.