სასტუმრო „ყვარლის ტბა რეზორტის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერის ნათია სოსიაშვილის შეფასებით, ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ კადრების ნაკლებობა რჩება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.
"პირველ რიგში, მთავარი გამოწვევა ნამდვილად კადრებია. მომსახურების სფეროში სეზონურობიდან გამომდინარე, კადრების შენარჩუნება უჭირს სტუმარმასპინძლობის ნებისმიერ ობიექტს.
ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ კადრების აყვანასა და მათ პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში. ვასწავლით საბაზისო უნარ-ჩვევებს, რათა ბაზარზე კარგი ადგილი დაიკავონ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას ისახავს მიზნად, აუცილებელია სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.
"დღეს მომხმარებელი მხოლოდ ავთენტურობას აღარ ეძებს. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს, მას შესაბამისი, ევროპული დონის სერვისი უნდა დავახვედროთ. დღესდღეობით ეს საქართველოში გვიჭირს", - განაცხადა მან.




























