მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის პოსტზე თავისი მაქსიმუმი პერტაიამ და გახარიამ გააკეთეს - ფადი ასლი

613b6da56236a
თელარა გელანტია
10.09.21 19:06
1393
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს აფასებს.
2011 წლიდან მოყოლებული ანუ რაც ჯერ საგადასახადო ომბუდსმენის და შემდეგ უკვე ბიზნესომბუდსმენის აპარატი არსებობს, ICC-ის ხელმძღვანელი ორი ომბუდსმენის საქმიანობას გამოყოფს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვიხსენებ ბიზნესომბუდსმენს, რომელმაც რეალური ცვლილებები მოახდინა... ერთი იყო გიორგი პერტაია, რომელმაც როგორც ბიზნესომბუდსმენმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და მეორე იყო გიორგი გახარია... გახარიას შემდეგ კი ბიზნესომბუდსმენები იცვლებიან, თუმცა არაფერი სარგებელი მოაქვთ. ბიზნესომბუდსმენი რომ იყო, ამისთვის პოლიტიკური ძალაუფლებაა საჭირო, უნდა შეგეძლოს მინისტრთან დარეკვა და თქმა, რატომ იქმნება ესა თუ ის პრობლემა, რატომ აკეთებ ამას და ა.შ. ბიზნესომბუდსმენი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ძლიერი ან მჭიდროდ დაკავშირებული პრემიერ-მინისტრთან, ვერაფრის გაკეთებას მოახერხებს“, - ამბობს ფადი ასლი.

კითხვაზე, რომელი მოდელია უკეთესი, როდესაც ომბუდსმენს პრემიერ-მინიტრი ნიშნავს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება თუ ბიზნესომბუდსმენი, რომელსაც თავად კერძო სექტორი ირჩევს და აფინანსებს, ის ასე პასუხობს:

„უმჯობესია ბიზნესი ირჩევდეს მისთვის სასურველ ბიზნესომბუდსმენს, თუმცა თუ მას არ ექნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და მის მიმართ კედელები იქნება აღმართული, ის ვერაფრის გაკეთებას შეძლებს, ვერაფერს გადაწყვეტს, ხოლო თუ მთავრობას სურვილი ექნება რამე გააკეთოს და კანონმდებლობა და სასამართლო სამართლიანად იმუშავებს, საერთოდ არ არის საჭირო ბიზნესომბუსმენი“.



შეგახსენებთ: 1 წელი გავიდა, რაც ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია და მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს 10-მა ბიზნესგაერთიანებამ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის და დაფინანსების წყაროს მოდელის შეცვლაც შესთავაზა, თუმცა 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საკითხიც „გაიყინა“. ბიზნესომბუდსმენის თუნდაც არსებული წესი შესარჩევად, ჯერჯერობით, ვერც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიცალა.