02.ოქტომბერი .2019 16:20

ბოლო შვიდ წელში სახელმწიფოს საწარმოს - “მექანიზატორის” ზარალი 170 მილიონია

views 507
უკან

სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “მექანიზატორი” ზარალიანია. “მექანიზატორის” ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წელი კომპანიამ 31.2 მილიონი ლარის ზარალით დახურა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2012-2018 წლებში “მექანიზატორმა” 170 მილიონი ლარი ზარალი დააგროვა. წლების მიხედვით კომპანიის შედეგენი ასეთი იყო:

2012 წელი - 14.4 მილიონი ლარი;
2013 წელი - 15 მილიონი ლარი;
2014 წელი - 28.7 მილიონი ლარი;
2015 წელი - 33.5 მილიონი ლარი;
2016 წელი - 24.1 მილიონი ლარი;
2017 წელი - 22 მილიონი ლარი;
2018 წელი - 31.2 მილიონი ლარი.

შპს “მექანიზატორი” 2009 წელს შეიქმნა. მის საკუთრებაში ათობით ტრაქტორია. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა. კომპანიის დაფუძნების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიაც, მომგებიანი იქნებოდა. როგორც ირკვევა, კომპანია მომგებიანობისგან შორს არის და მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანი ხარჯების მხოლოდ ნახევარს ფარავს.

2018 წელს კომპანიის შემოსავალი 33.4 მილიონი ლარი, ხარჯები კი 64.6 მილიონი ლარი იყო, რის გამოც წლიურმა ზარალმა 31.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს შპს მექანიზატორის კაპიტალის ზრდამ შეადგინა 16 200 000 ლარი, საიდანაც:
- 13 200 000 ლარი მიიმართა მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაზე;
- 3 000 000 ლარი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების
განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის შესაძენად.

“მემკვიდრეობად მივიღეთ არაეფექტური და წარუმატებელი საწარმოები, მათ შორის კომპანია მექანიზატორი და ბევრი სხვა, რომლებიც აგრარული სფეროს განვითარების პოლიტიკას ვერ პასუხობენ,” - საკითხის კომენტირებისას განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობა არ უარყოფს, რომ კომპანიის მომგებიანად მართვა არ გამოსდის. სწორედ ამიტომ, ამ “მექანიზატორის” პრივატიზაცია იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობის კუთვნილ ტრაქტორებს ახალი მფლობელი ვერ გამოუჩნდა.