მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში 11-მა კოოპერატივმა თანადაფინანსებით ₾1.2 მილიონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა - სამინისტრო

შამუგია
24.04.24 16:41
155

სამეგრელოს რეგიონში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ფერმერების აქტიურობა და სახელმწიფო მზადაა მხარდაჭერისთვის

„მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის შესაძენად მიიღებენ 50 პროცენტიან თანადაფინანსებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს: „ეწერი 2023", „აგრო გეზათი 2024“ და „სუჯუნა 2024“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 395 327 ლარის ღირებულების ტრაქტორებისა და იმპლემენტების შეძენა 197 664 ლარით დაუფინანსდათ.

აღნიშნული პროგრამით, 2023-2024 წლებში, საქართველოს მასშტაბით 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7 275 591 ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა ღირებულების 50%-ით, 3 631 281 ლარით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2023-2024 წლებში, თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სახელმწიფოსგან, 62 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შესაძენად, ღირებულების 50%-ის (640 000 ლარზე მეტი) თანადაფინანსება მიიღო; მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, შვიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 423 273 ლარით დაუფინანსდა 43 ერთეული ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შეძენა.

2016-2023 წლებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები