საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის განკარგულებით, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზება ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, ბაზარზე არსებულ ჭარბ ყურძენს კი კვლავ შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
დადგენილი მექანიზმი ყურძნის ფასს მისი ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით განასხვავებს. კერძოდ, საფერავის ჯიშის კონდიციური, დაუზიანებელი ყურძნის, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 22%-ია, ფასი 1.50 ლარით განისაზღვრა. 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის მქონე, არაკონდიციური და ნაწილობრივ დაზიანებული საფერავის ფასი 0.90 ლარია, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე დაზიანებული და არაკონდიციური ყურძნის - 0.30 ლარი.
სხვა ნებადართული საღვინე ჯიშების შემთხვევაში, დაუზიანებელი და კონდიციური ყურძნის ფასი 1.30 ლარია, ნაწილობრივ დაზიანებული და არაკონდიციურის - 0.80 ლარი, ხოლო დაზიანებული და არაკონდიციური ყურძნის - 0.30 ლარი.
ამგვარად, 2026 წლის მოდელი წინა წლების მიდგომისგან ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით განსხვავდება: სახელმწიფო ფასის ერთიან გარანტიას აღარ ქმნის და ყურძნის ხარისხს ფასში უფრო მკაფიოდ ასახავს.
შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2026 წლის რთვლისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესაძენად 50 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა (SMP26000223). გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ კახეთის რეგიონში ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძენი უნდა შეისყიდოს და მისი გადამუშავება, დასაწყობება და შენახვა უზრუნველყოს.
როგორ მივიდა საქართველო დღევანდელ მოდელამდე?
საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა. იმ პერიოდში რუსეთის ბაზარი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო მიმართულება იყო, ამიტომ ემბარგომ მეღვინეობის სექტორს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
ამ ვითარებაში სახელმწიფო მხარდაჭერის მიზანი კრიზისის შედეგების შემსუბუქება და მევენახეობაში წარმოების შენარჩუნება იყო. 2008-2012 წლებში ყურძნის სუბსიდირების პროგრამა შედარებით მცირე მასშტაბის იყო: ერთი კილოგრამი რქაწითლის სუბსიდია 0.15 ლარს, საფერავის - 0.25 ლარს, ხოლო მუჯურეთულისა და ალექსანდროულის - 1 ლარს შეადგენდა. რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებებზე ამ პერიოდში ბიუჯეტიდან საშუალოდ 6-7 მლნ ლარი იხარჯებოდა.
2013 წლიდან სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სუბსიდიის მოცულობა გაიზარდა. რქაწითლისა და საფერავის შემთხვევაში სუბსიდიამ, შესაბამისად, 0.40 და 0.35 ლარი შეადგინა, ხოლო მუჯურეთულისა და ალექსანდროულის შემთხვევაში 1 ლარი უცვლელი დარჩა.
სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა. მთავრობა ყურძნის ფასის პირდაპირი სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესასყიდად სახელმწიფო საწარმოებს თანხა გამოუყო.
2017 წელს, მაგალითად, ხარისხიან თეთრ ყურძენზე პირდაპირი სუბსიდია არ გაიცა. მხარდაჭერა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიმართულებით შენარჩუნდა, ხოლო ჭარბი ყურძნის შესყიდვის მიზნით, ღვინის კომპანიებს, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად რქაწითელსა და კახურ მწვანეს არანაკლებ 0.70 ლარად იბარებდნენ, საკომპენსაციო თანხა გამოეყოთ ერთ კილოგრამზე 0.35 ლარი.
2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის პირდაპირი სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოს, „აკურას“, წლიურად 10-10 მლნ ლარი გამოუყო. პრაქტიკულად, ეს რთვლის ირიბ მხარდაჭერას წარმოადგენდა. 2019 წელს 10 მლნ ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჭარბი ყურძნის შესყიდვის მიმართულებით დამატებითი რესურსის მობილიზება გახდა საჭირო და ჯამში ბიუჯეტიდან 80 მლნ ლარი დაიხარჯა.
2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების მექანიზმი კვლავ აამოქმედა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი სუბსიდიისთვის 40 მლნ ლარი გამოიყო. ამას დაემატა ჭარბი ყურძნის შესყიდვის ხარჯები და რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებებზე გაწეულმა მთლიანმა ხარჯმა 87.1 მლნ ლარი შეადგინა. იმავე წელს სახელმწიფომ დაახლოებით 95 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა.
2021 წელს რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 138 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან 107 მლნ ლარი შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ გადაეცა, რომელსაც როგორც საღი, ისე სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი უნდა მიეღო და მიღებული მოსავლის გადამუშავებაც უზრუნველეყო.
2022 წელს რთვლის ხელშეწყობისთვის 150 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. პროგრამა მოიცავდა როგორც თეთრი ყურძნის, ასევე რაჭის ზონაში წარმოებული შავი ყურძნის ფასის მხარდაჭერასა და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას.
შემდგომ წლებში სახელმწიფო მხარდაჭერის მოცულობა შემცირდა. 2023 წელს რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 90 მლნ ლარი დაიხარჯა, 2024 წელს კი 85 მლნ ლარი გამოიყო. 2024 წლის თანხა მოიცავდა როგორც ყურძნის ფასის პირდაპირ სუბსიდირებას - 35 მლნ ლარს, ასევე ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას - 50 მლნ ლარს.
2025 წელს მთავრობამ მექანიზმი კიდევ ერთხელ შეცვალა. თუ მანამდე ჭარბ ყურძენს, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პირობებში, კერძო ღვინის კომპანიებიც იბარებდნენ, 2025 წელს მისი შესყიდვა ძირითადად შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ განახორციელა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებებში 246 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
„მოსავლის მართვის კომპანია“ ჭარბი ყურძნისგან ღვინო-მასალასა და საკონიაკე სპირტს აწარმოებს. 2025 წელს კომპანიამ ჩაბარებული ყურძნისგან 100.6 მლნ ლიტრი ღვინო-მასალა აწარმოვა.
„მოსავლის მართვის კომპანიის“ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუბსიდიით წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საწყის ფასად ვერ ხდება, რის გამოც მარაგების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. 2025 წლის ბოლოს კომპანიას მარაგები 220.7 მილიონ ლარად ჰქონდა შეფასებული, თუმცა მათი ღირებულება 52.2 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. „მოსავლის მართვის კომპანიამ“ მარაგების გაყიდვა აუქციონზე მხოლოდ მეშვიდე მცდელობით მოახერხა, ლიტრის საშუალო სარეალიზაციო ფასი 5.88 ლარი იყო (დღგ-ს ჩათვლით).
სუბსიდირების შედეგი
ზოგადად, სუბსიდირება მსოფლიოში აღიარებული მეთოდია და კრიზისულ სიტუაციებში დარგის მხარდაჭერას, განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს.
საქართველოს შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის პირველი ეტაპი - განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ - დიდწილად გამართლებული იყო. ქვეყანამ ერთბაშად დაკარგა ძირითადი საექსპორტო ბაზარი და სახელმწიფოს ჩარევას კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად ლოგიკური საფუძველი ჰქონდა.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც დროებითი მექანიზმი მუდმივ პოლიტიკად იქცევა.
ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება უფრო სოციალური დახმარების ფუნქციას ასრულებს და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.
საერთაშორისო გამოცდილება: რა შეიძლება ვისწავლოთ?
ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ჭარბი წარმოების პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ფასის მხარდაჭერა საკმარისი არ არის.
საფრანგეთი კრიზისულ წლებში ჭარბი ღვინის ნაწილის დისტილაციასა და ვენახების ამოღების პროგრამებს მიმართავს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ უკვე წარმოებულ ჭარბ პროდუქციას ეხმარება, არამედ საჭიროების შემთხვევაში წარმოების შემცირებასაც უწყობს ხელს.
ევროკავშირის საერთო ღვინის პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს ვენახების ფართობის შემცირებას, მოსავლიანობის მართვასა და ბაზრის მოთხოვნასთან წარმოების შესაბამისობას. აქცენტი მხოლოდ ჭარბი პროდუქტის შესყიდვიდან მისი წარმოქმნის პრევენციაზე გადადის.
ავსტრალიის გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ექსპორტზე დამოკიდებულ ღვინის სექტორშიც შეიძლება წარმოებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსი შეიქმნას. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალი ბაზრების მოძიება, საექსპორტო მიმართულებების გაფართოება და წარმოების სტრუქტურის ადაპტაციაა.
ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა დარგისთვის უცხო არ არის, თუმცა მისი ფორმა და მიზანი განსხვავდება. ზოგი ქვეყანა კრიზისის დროს ჭარბი პროდუქტის შესყიდვას მიმართავს, ზოგი კი წარმოების შემცირებას, ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი ბაზრების მოძიებას ამჯობინებს.
რა მოდელი იქნება უფრო ეფექტიანი საქართველოსთვის?
საქართველოსთვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა ისეთი მოდელი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერას ჭარბი ყურძნის მუდმივი შესყიდვიდან დარგის გრძელვადიან განვითარებაზე გადაიტანდა.
სახელმწიფო უნდა იყოს „ბოლო მყიდველი“ და ყურძენი მხოლოდ მაშინ შეისყიდოს, როცა კერძო სექტორი ჭარბი მოსავლის ათვისებას ვეღარ ახერხებს. ამასთან, სუბსიდირება ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ახალისებდეს, ხოლო დაბალი ხარისხის ყურძნის წარმოება მუდმივი სუბსიდიით არ უნდა ფინანსდებოდეს.
თუ გარკვეული კატეგორიის ვენახი გრძელვადიანად არაკონკურენტუნარიანია, შესაძლოა, მისი ჩანაცვლების ან ამოღების პროგრამების განხილვაც (აქვე აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის 1 მაისიდან საქართველოში სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებულის აღდგენა-განახლება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი). პარალელურად, მეტი რესურსი უნდა მოხმარდეს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას, ახალი ბაზრების მოძიებასა და მაღალი ღირებულების სეგმენტში პოზიციონირებას.
საბოლოოდ, რთვლის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ჩაბარებული ყურძნის მოცულობით არ უნდა შეფასდეს. მთავარი ხარისხის გაუმჯობესება, კერძო სექტორის უფრო დიდი მონაწილეობა, ღვინის საექსპორტო ღირებულების ზრდა და მევენახის შემოსავლის გაუმჯობესება უნდა იყოს.
სუბსიდია შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის ინსტრუმენტი, მაგრამ ის მუდმივ გარანტიად არ უნდა იქცეს.




























