მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომმა“ ანგარიშების გაყინვის შესახებ მთავრობას მარტში აცნობა

626bfadc71a64
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 18:47
763
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია „ბორჯომმა“, მინორიტარი მფლობელი რუსული კომპანიის „ალფა გრუპის“ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო, ანგარიშების გაყინვის შესახებ მთავრობას მარტში აცნობა.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, მათი ანგარიშები 15 მარტს დაიბლოკა და სახელმწიფო ამის შესახებ საქმის კურსში იყო. „ბორჯომში“ ასევე აღნიშნავენ, რომ კომპანიას საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ სახელმწიფოს გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონია. 

„საერთაშორისო სანქციების გამო კომპანიის ანგარიშები 15 მარტიდან გაიყინა. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მხარდაჭერის თხოვნით მივმართეთ. ძირითადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ იმისთვის, რომ დასაქმებულებისთვის სახელფასო ანაზღაურება მიგვეცა, მთავრობა კომპანიის კუთვნილი დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაში დაგვეხმარა. შეიქმნა დამოუკიდებელი ანგარიში და ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა ხელფასებისა გაცემას და კომუნალური ხარჯებს სწორედ ამ ფინანსებით ვფარავთ“, - უთხრეს BM.GE-ის კომპანიაში.

კითხვაზე, მიმართა თუ არა კომპანიამ სახელმწიფოს მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირობების ცვლილების შესახებ, კომპანიაში პასუხობენ, რომ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირობების გადახედვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, რადგან მდგომარეობის დროულ გამოსწორებას იმედოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო კომპანია IDS ბორჯომმა დღეიდან საწარმოო პროცესის სრულად შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოო პროცესი უახლოეს პერიოდში ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობისთანავე აღდგება.