მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP-ის აქციები დღეს 20%-ით დაეცა, კომპანია £16-მილიარდიან ზარალს ითვლის

5e664244e2159
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 17:30
1043
დღეს BP-ის აქციების ღირებულება 20.24%-ით დაეცა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნაა. 

დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა.

აღნიშნულს, გლობალურ საფინანსო ბაზარზე პანიკური ვაჭრობა მოჰყვა, ყველა კონტინენტის წამყვანმა საფონდო ინდექსებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. განსაკუთრებულად მძიმე ვაჭრობა ენერგოკომპანიებისთვის იყო. 

დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნის დროს BP-ის ერთი აქციის ღირებულება £41.6 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ნავთობის ფასის ვარდნის გამო, ის რამდენიმე წუთის განმავლობაში £31.1 გირვანქა სტერლინგამდე დაეცა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია £16 მილიარდით შემცირდა. 

რა ხდება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე:

აშშ-ის წამყვანი S&P 500-ის ინდექსი 5%-ით დაეცა, Dow Jones-ის ინდექსი - 4.9%-ით, ნაზდაკის საფონდო ბირჟის კომპოზიტური ინდექსი კი, 4.8%-ით დაეცა.

ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის კი, 7.1%-ით დაეცა.