Maib-ი მოლდოვის საბანკო-საფინანსო სექტორის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, რომელიც დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ბაზრის დიდი წილის ფონზე, ბანკი, რომელსაც 2021 წლიდან ქართველი გიორგი შაგიძე ხელმძღვანელობს, განვითარებას აგრძელებს, როგორც მოლდოვის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რის დასტურად კომპანიის აქციების ბუქარესტის საფონდო ბირჟაზე განთავსების გადაწყვეტილება გამოდგება, რომელსაც Maib-ის აქციონერებმა მხარი 2022 წელს დაუჭირეს. თუმცა მას შემდეგ, ეს პროცესი, გარკვეულწილად, შეფერხდა და კომპანიის IPO გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც Maib-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ BMG-სთან განაცხადა, კომპანიის პირველადი საჯარო განთავსების გადავადება მოლდოვაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს უკავშირდება, რომელიც Maib-ის IPO-ს არაპრაქტიკულს ხდის.
“ბანკების შესახებ კანონში არის მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც 1%-ს აღემატება, ეროვნული ბანკის მიერ უნდა დამოწმდეს, რის შემდეგაც, მარეგულირებელს ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობო, რაც პირველად საჯარო განთავსებას არაპრაქტიკულს ხდის, რადგან ასე IPO-ს ვერ გააკეთებ, შესაბამისად, კანონში ცვლილება გვჭირდება.
IPO-ს მიმართ სიახლე კი ის არის, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, Maib-ის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. წამყვანი ხუთი ინვესტორისგან ორს სურს, რომ ე.წ. “წამყვანი ინვესტორი” იყოს, ანუ კომპანიის IPO-ს დროს წამყვანი როლი ითამაშოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე საბანკო სექტორისა და Maib-ისთვის.
ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს, რომელიც თანამდებობაზე ახალ წლამდე დამტკიცდა. ის ძალიან გამოცდილი და მცოდნეა, მათ შორის ამ მიმართულებით, ასე რომ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.
ინტერვიუერის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის Maib-მა ბუქარესტის საფონდო ბირჟა და არა, მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც გიორგი შაგიძემ მნიშვნელოვანი გამოცილება “თიბისი ბანკის” IPO-ს დროს მიიღო, მენეჯერი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორების ადგილმდებარეობამ განაპირობა.
“ბუქარესტში არსებული ფონდების მხრიდან Maib-ის მიმართ ინტერესი არსებობს, ხოლო ლონდონში არსებული ინვესტორები IPO-ს ადგილმდებარეობის მიმართ ნეიტრალურები არიან. თუ ლონდონში წავალთ, ბუქარესტში არსებული ფონდები ინვესტიციას ვერ განახორციელებენ, ხოლო იმ ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე, რომელიც მოლდოვასა და რუმინეთს შორის არსებობს, რუმინული ფონდების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი Maib-ით ინტერესდებიან და ძალიან ლიკვიდურები არიან, ხოლო რუმინული საპენსიო სისტემის წყალობით, ეს ლიკვიდურობა ყოველთვიურად იზრდება.
გარდა ამისა, ბუქარესტში კომპანიის აქციების დალისტვა ტექნიკურადაც უფრო მარტივია, რადგან შეგვიძლია, საფონდო ბირჟაზე მოლდოვური აქცია დავლისტოთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის გარეშე, რაც ძალიან მარტივს ხდის, როგორც დალისტვის, ასევე კომპანიის მართვის პროცესს”, - განაცხადა Maib-ის გენერალურმა დირექტორმა BMG-სთან.
როგორც გიორგი შაგიძე ამბობს, კომპანიის აქციების ბუქარესტის საფონდო ბირჟაზე დალისტვა და Maib-ის შესვლა რუმინულ ბაზარზე, რაც ასევე წარმოადგენს კომპანიის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს.
“რეგიონული გაფართოების სტრატეგია IPO-ზე არ არის დამოკიდებული, მინდა ამას ხაზი გავუსვა. Maib-ი აგრძელებს ტრანსფორმაციას ისე, რომ აქციონერებისთვის, ქვეყნისთვის, კომპანიისა და თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნას - IPO-თი, თუ IPO-ს გარეშე. სტრატეგიაში გაცხადებული გვაქვს, რომ რუმინეთის ბაზარზე გვინდა გასვლა, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების გზით. როგორც გითხარით, 1.5 მილიონ მოლდოველს ევროკავშირის და ძირითადად რუმინეთის მოქალაქეობა აქვს, ასე რომ ბუნებრივია, რომ პირველი ქვაყანა, სადაც შევალთ, სწორედ რუმინეთი იქნება. ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გადავდგამთ”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.
უმსხვილესი მოლდოვური ბანკის გენერალური დირექტორი, როგორც ცნობილია, Maib-ის ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის ივნისში დატოვებს. როგორც გიორგი შაგიძე BMG-სთან ამბობს, ამ თარიღამდე კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება - არარეალურია.
“2024 წლის ივნისამდე IPO - არარეალურია. ახლა რთულია იმის თქმა, პირველადი საჯარო განთავსება კონკრეტულად როდის შედგება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებაზე არის დამოკიდებული”, - აღნიშნა გიორგი შაგიძემ BMG-სთან და დასძინა, რომ IPO-ს თარიღთან დაკავშირებით მეტი სიცხადე, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში გამოიკვეთება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Maib-ი მოლდოვის უდიდესი ბანკია, რომელიც 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ამასთან, Maib-ი მოლდოვის სისტემურ ბანკადაც ითვლება, რადგან ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს ემსახურება და თან, უდიდესი კერძო დამსაქმებელიცაა, რომელსაც 2400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლიდან, Maib-ის უდიდესი აქციონერი საერთაშორისო კონსორციუმია, რომელიც EBRD-ის, Invalda INVL-ისა და Horizon Capital-ისგან შედგება.