მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

63971a6079450
მარიამ ვარადაშვილი
12.12.22 16:11
1910
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.

სემეკის თანახმად, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.

„დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით",-განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.

12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.

მოქმედი ტარიფებით სოკარ ჯორჯია გაზის აბონენტებისთვის კუბურ მეტრზე ფასი 56.9 თეთრს შეადგენს, "საქორგგაზის" შემთხვევაში ტარიფი 56.990 თეთრია, ხოლო "თელავგაზის" საფასური კუბურ მეტრზე 58.864 თეთრს შეადგენს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები