მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD მოდელით აუქციონი უკვე გამოცხადდა - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს?

63ea5f77e8a3a
ელენე გოგბერაშვილი
13.02.23 23:45
1048
განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონები უკვე გამოცხადდა. მთავრობამ აქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა.

PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შედის ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს. ახლა ბიზნესს 45 დღიანი ვადა აქვთ მათთვის სასურველ პროექტებზე განაცხადები წარადგინონ.

სანამ აუქციონები ჩაინიშნებოდა, მანამდე აუქციონის გამოცხადების წესში რამდენიმე მუხლი დაზუსტდა, მათ შორის რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადი შევა ეკონომიკის სამინისტროში. ასეთის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც უფრო დაბალი იქნება. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება არა ფასს, არამედ სიმძლავრეს. თუ შეთავაზებული ტარიფიც და გამომუშავებაც იდენტური იქნება, სამინისტრო განეორებით აუქციონს ჩანიშნავს და დაფინანსებას მიიიღებს, ის ვინც უფრო დაბალ ტარიფს დააფიქსირებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კერძო სექტორიდან წამოსული შენიშვნების ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ გაითვალისწინა, ნაწილზეც ვერბალური შეთანხმება არსებობს, თუმცა როგორ იმუშავებს CFD მოდელი დაახლოებით თვენახევარში გამოჩნდება, როცა პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონები დასრულდება.

„ნაწილ კითხვებზე არსებობს პასუხი, ნაწილი არის გარკვეულწილად ვერბალური შეთანხმების თემაც. ჩვენ ველოდებით, რომ თვენახევარში, როცა ეს აუქციონები დასრულდება, რაღაც ახალი რეალობა გვექნება. ჯერჯერობით როგორ წავალთ არაფერი ვიცით, მედიანური ფასი რა დაჯდება, ქვედა ფასი რა იქნება, მერე უკვე კონტრაქტებით როგორ გაგრძელდება ურთიერთობა კონკრეტულ გამარჯვებულებთან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის საცდელი ეტაპი, სადაც მოვთელავთ დეველოპერები, ბიზნესი და სახელმწიფო ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ რაღაც თემები თუ წამოვა და შენიშვნები იქნება, ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდება მათი გათვალისწინება“,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

აუქციონის წესში მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა დაფიქსირდება, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი დადგენილება, შემოთავაზებული ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს. სწორედ ეს ჩანაწერია ერთ-ერთი, რაზეც ბიზნესი მთავრობასთან ვერ შეთანხმდა. ლევან ვეფხვაძე, ტარიფის შემცირების რისკებს განსაკუთრებით ქარის ელექტროსადგურების პროექტების შემთხვევაში ხედავს.

„მქონდა შენიშვნა ქარის ელექტროსადგურების ნაწილში, თუმცა ყველას ეხება - მზესაც, ჰიდროსაც, მაგრამ ქარისთვის განსაკუთრებით შეიძლება იყოს მტკივნეული, რადგან ბანკისთვის საინტერესო პროექტი ვერ გახდება ის, თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე არ მოხდება მეტეოსადგურის დამონტაჟება და მონაცემების ჩაწერა. სანამ სადგური დაიდგმება ვხელმძღვანელობთ თანამგზავრული მონაცემებით, რომელსაც ბუნებრივად შეიძლება აცდენა ჰქონდეს . შესაბამისად, შეიძლება დაისაჯოს და ტარიფი შეუმცირდეს, რომ აღმოჩნდეს ადგილზე ჩაწერილი მონაცემები ნაკლებია თანამგზავრუი მონაცემებზე. ამიტომ ამაზე გვჭირდება ფიქრი, რომ არ დავაზარალოთ ტექნოლოგიები“,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

აუქციონის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 30%-ით.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს, შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება 100%-ით.