მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი მხარდაჭერა ადგილობრივ ინსტრუქტორებს, ჟინვალიდან დარიალის ხეობის უკიდურეს წერტილამდე“ - რა ხდება გუდაურში?

63c999765cbe3
BM.GE
20.01.23 00:00
932

საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი ადგილობრივ და უცხოელ ინსტრუქტორებს შორის არსებულ დაძაბულობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.

როგორც ის წერს, უცხოელ ინსტრუქტორებს მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიკატით გუდაურში მუშაობის უფლება არ აქვთ. „არ არსებობს ასეთი პრეცედენტები ხელშეკრულების და გადასახადის გადახდის გარეშე“, - წერს იგი.

მან ასევე დაწერა, რომ დიდი ხნის წინ იყო ვარაუდი, რომ გუდაურის ქაოსურ განვითარებას კონფლიქტები მოჰყვებოდა.

„გუდაურში მიმდინარე კონფლიქტზე მინდა დავწერო. ადგილობრივი ინსტრუქტორები წინააღმდეგი არიან, რომ უცხოელებმა იქ იმუშაონ და თვლიან რომ პრიორიტეტი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ ინსტრუქტორებს. ახლა ვუსმინე უცხოელებს, ორივე უტიფრად ამტკიცებს რომ საერთაშორისო სერტიფიკატი აძლევს მათ უფლებას იმუშაონ გუდაურში. ეს არის დიდი ტყუილი, რადგან სერტიფიკატი ამისთვის არ კმარა. ავსტრიის რომელიმე კურორტზე რომ ჩავიდნენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართველი გიდები ან ინსტრუქტორები, ვინმე დართავს ნებას რომ იმუშაონ? არ არსებობს ასეთი პრეცედენტები ხელშეკრულების და გადასახადის გადახდის გარეშე.

რუსული სათხილამურო კლუბის გაცემული ფარატინა ფურცელი საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეეზღუდოთ მუშაობის უფლება უთანასწორო კონკურენციაში? მე და ჩემმა გუდაურის მეგობრებმა დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, რომ კონფლიქტები მოჰყვებოდა გუდაურის ქაოსურ განვითარებას. არაერთხელ შევახსენეთ არაერთ ხელისუფლებას საკითხის დარეგულირება, მაგრამ ყოველთვის არა-სერიოზული დამოკიდებულება იგრძნობოდა. ამის შედეგად მივიღეთ აგრესიული "თამაში წესების გარეშე"!

ვინმე ადგილობრივ ახალგაზრდებს თუ დააკისრებს შეუფერებელ პასუხისმგებლობას, ეს იქნება დიდი უსამართლობა, როცა კურორტს ადეკვატური რეგულაციები არ გააჩნია და კანონი არ არეგულირებს ვის აქვს მუშაობის უფლება, ვის არა! ჩემი მხარდაჭერა ადგილობრივ ინსტრუქტორებს ჟინვალიდან დარიალის ხეობის უკიდურეს წერტილამდე!

P.S. სათხილამურო კურორტი ერთადერთი მიზიდულობაა დღევანდელ რეალობაში, რომელიც ხევის და მთიულეთის ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლას გადააფიქრებინებს. ყველა ფაქტორი გაითვალისწინეთ სანამ ღიად გაუღებთ კარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სანამ სასათბურე პირობებს შეუქმნით სათხილამურო კურორტებზე“, - წერს ია თაბაგარი. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტ გუდაურში ადგილობრივები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა abc-მ გაავრცელა. გამოცემასთან საუბრისას სამმა ავსტრალიელმა განაცხადა, რომ მათ კურორტზე მუშაობის შესაძლებლობა ოფიციალურად ჰქონდათ, თუმცა შეურაცხყოფა ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდიოდა.