მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი იზოლაციაში აღმოჩნდება, ინდოეთის ეკონომიკა კი $30 ტრილიონამდე გაიზრდება - გაუტამ ადანი

6333120ac64b6
გიორგი თოლორდავა
27.09.22 19:10
1995
მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი Forbes Global CEO Conference-ზე უაღრესად ხმამაღალ და თამამ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კომუნისტური მთავრობის მიმართ დასავლეთის კრიტიკული დამოკიდებულების ზრდის ფონზე, ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი კი კრიტიკულად შენელდება.

„გლობალიზაციის ნამდვილი ჩემპიონი [ჩინეთი] მზარდი ზეწოლის წინაშეა. მიწოდების ჯაჭვის რისკების ზრდის, ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებისა და ტექნოლოგიური შეზღუდვების ფონზე, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება. გარდა ამისა, ქვეყანა საკრედიტო და უძრავი ქონების პოტენციური მწვავე კრიზისის წინაშეა“, - განაცხადა ადანიმ.

ამის საპირწონედ, ადანი მოელის, რომ ინდოეთი უპრეცედენტო ტემპით ზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვას გააგრძელებს, რის შედეგად, 2030 წლისთვის ინდოეთი რიგით მესამე უმსხვილესი ეკონომიკა გახდება - აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი მილიარდერი მეწარმე პროგნოზირებს, რომ ინდოეთის ეკონომიკა $3-ტრილიონიანი ნიშნულიდან 30 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ადანის შეფასებით, აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ინდოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 45 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც ინდოეთი ოფიციალურად და დამსახურებულად მიიღებს ზესახელმწიფოს სტატუსს.

Forbes-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ადანიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი ბიზნესების შექმნის კუთხით ინდოეთი ამჟამად ლიდერია, გარდა ამისა, აზიური სახელმწიფოს მიმართ დაინტერესებას ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებიც გამოხატავენ, როგორიც Apple-ია, რომელიც ახალ iPhone 14-ს სწორედ ინდოეთში ააწყობს, ნაცვლად ჩინეთისა.

ცნობისთვის, 2022 წელს ინდოეთმა ეკონომიკის ზომით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, გაუტამ ადანიმ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა - სულ რამდენიმე თვეში მან ჯეფ ბეზოსს, ბილ გეიტსს, ბერნარ არნოსა და უორენ ბაფეტს გადაუსწრო.

მოსახლეობის, ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ინდოეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის გადასწრება გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

ამჟამად ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 3.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. IMF-ის ვარაუდით, 2026 წლისთვის ინდოეთის მშპ-ის მაჩვენებელი $5.5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.

საგულისხმოა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება ინდოეთის მოსახლეობაც და პროგნოზირებულია, რომ მომავალ წელს ინდოეთი ჩინეთისთვის გადასწრებით მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს.

გთავაზობთ უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგს:

1. აშშ – $22.9 ტრილიონი
2. ჩინეთი – $17.7 ტრილიონი
3. იაპონია – $4.9 ტრილიონი
4. გერმანია – $4.2 ტრილიონი
5. ინდოეთი – $3.2 ტრილიონი
6. დიდი ბრიტანეთი – $3.1 ტრილიონი
7. საფრანგეთი – $2.9 ტრილიონი
8. იტალია – $2.1 ტრილიონი
9. კანადა – $2.0 ტრილიონი
10. სამხრეთ კორეა – $1.8 ტრილიონი


ვრცლად გაუტამ ადანის შესახებ წაიკითხეთ აქ:  როგორ აღმოჩნდა ინდოელი ბიზნესმენი უმდიდრესი ადამიანების სამეულში - გაუტამ ადანის წარმატების ისტორია