მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტვირთები რკინიგზით ევროპაში მოხვდება - რამდენადაა ქვეყანა მზად?

626184f8dab70
ელენე გოგბერაშვილი
21.04.22 23:00
7263
ჩინეთიდან ტვირთები ევროპაში საქართველოს სატრანზიტო დერეფნით მოხვდება. კერძოდ, თუ აქამდე ჩინეთიდან ტვირთი ევროპაში რუსეთის გავლით გადიოდა, ახლა ალტერნატიული გზა სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს და ევროპაში, მათ შორის საქართველოს გავლით ხვდება.

ამ გადაწყვეტილებით ჩინეთი რკინიგზის, როგორც საზღვაო გადაზიდვების ალტერნატიულ გზას ავითარებს, რომლის საშულებითაც ის ევროპას ტვირთებს რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის.

ახლა ჩინეთისთვის მთავარი დერეფანი ე.წ შუა დერეფანია. ამ კვანძში შედის საქართველოც.

ის კომპანიები, რომლებიც ლოგისტიკის სფეროში ოპერირებენ, ამბობენ, რომ შუა დერეფნის ტვირთების გარდა, საქართველო იღებს ტვირთებს მათ შორის შუა აზიიდან, შესაბამისად იმისათვის, რომ ჩვენმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ გაზრდილ ტვირთნაკადს გაუძლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დროულ დასრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

“რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი დერეფანი, ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის. ზუსტად ეს ცენტრალური აზიის ტვირთები უნდა იქნეს გადმოსროლილი ჩვენთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაბრკოლებები, რადგან ამისთვის არავინ იყო მზად. არავის ეგონა, რომ ამხელა ტვირთების ნაკადის გადმოსროლა მოხდებოდა ჩვენს რეგიონში. დაბრკოლებები უკვე გვაქვს, რასაც რკინიგზაშიც ადასტურებენ. თუ დავალების 100 გეგმა მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 800-მდე არის ასული. ხდება ნაწილის გაუქმება, რადგან ჩვენი რკინიგზა ამხელა დატვირთვას ვერ აუვა.

ჩვენ მაქსიმუმ ტვირთნაკადის კიდევ 15-20%-ით ზრდას ავიტანთ, თუმცა მოდერნიზაციის შემდეგ მეტს შევძლებთ, რადგან გამტარუნარიანობა მეტი გვექნება,“ - აცხადებს გივი ჩაჩანიძე Cosco Shipping Lines-ის გაყიდვების მენეჯერი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთებისთვის საქართველოს დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ ტრანზიტისთვის, ამის გათვალისწინებით, Kairos Logistics-ის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ამას საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, თუმცა მოხდება პირიქით, თუ საქართველო ტვირთებს მიიღებს, ადგილზე გადაამუშავებს და ამ გზით მოხვდება ის ევროპაში.

„დღესდღეობით ჩვენი მარშრუტი არის უალტერნატივო. ამჟამად ამას აქვს გეოპოლიტიკური ფუძე, როცა საქართველო აღმოჩნდა მსოფლიო რუკაზე, როგორც ლოგისტიკის ერთ-ერთი ღერძი და ევრაზიის კონტინენტზე უალტერნატივო გზა, თუმცა ვინაიდან ეს იქნება მხოლოდ ტრანზიტული, დიდი ეფექტი ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაზე ამას ვერ ექნება, მაგრამ რაღაც გავლენას იქონიებს.

ჩემი აზრით, უფრო გავლენა ექნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტვირთებს ჩინეთიდან ან ევროპიდან და დავიწყებთ მათ გადამუშავებას და გადამისამართებებს, რასაც დღეს აქტიურად ვახორციელებთ როგორც შუა აზიიდან, ასევე შუა აზიაზე“, - აცხადებს მიხეილ მამედოვი, Kairos Logistics-ის დირექტორი.

დარგის წარმომადგენლების შეფასებით, რკინიგზა, როგორც საზღვაო გადაზიდვების ალტერნატივა, შედარებით ახალგაზრდა ალტერნატივაა და მის დამუშავებას ბევრი წელი დასჭირდება, რადგან გრძელვადიანი ხედვით ის საზღვაო გადაზიდვებს კონკურენციას ვერ გაუწევს.

რამდენად გაუძლებს საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილ ტვირთნაკადს, მეტწილად იქნება დამოკიდებული რამდენად დროულად დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის შედეგად წელიწადში 27 მლნ ტონა ტვირთის გატარების ნაცვლად, საქართველოს რკინიგზას შესაძლებლობა მიეცემა, 50 მლნ ტონა ტვირთი გაატაროს. გეგმის მიხედვით, მოდერნიზაციის პროექტის ყველა ძირითადი სამუშაო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები