ჩინეთმა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების, მათ შორის რუსული რეაქტიული „გერანის“ სერიის დრონებისთვის განკუთვნილი ძრავების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან ახლად გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. უწყებამ ჯერ კიდევ ოქტომბერში დააანონსა, რომ რეგულაციებს 18 ნოემბრის შემდეგ აამოქმედებდა.
ახალი წესების თანახმად, ექსპორტიორებს უპილოტო საფრენი აპარატების რეაქტიული და ელექტროძრავების, რადიოგადამცემებისა და სიჩქარის კონტროლერების გასატანად სპეციალური ლიცენზიების მოპოვება მოუწევთ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქციების საკითხებში უკრაინის კომისარი, ვლადისლავ ვლასიუკი პეკინის გადაწყვეტილებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსულ დრონებში გამოყენებული არაერთი დეტალი კონტროლს მიღმა მაინც რჩება.
მისი განმარტებით, შეზღუდვები „გერან-2“-ის ტიპის დრონებში აღმოჩენილ ხარვეზებისგან დამცავ ანტენებზე, სანავიგაციო მოდულებზე, HARXON-ის ანტენებზე, სტაბილიზებულ კამერებსა და „გერან-4“-ში გამოყენებულ ჩინურ სერვოძრავებზე არ ვრცელდება.
ვლასიუკი აღნიშნავს, რომ განახლებული რეგულაციები რუსული შეიარაღებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების მხოლოდ ნაწილს მოიცავს. მისივე თქმით, კიევმა ჩინურ მხარეს ამ კომპონენტებისა და მათი მწარმოებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გადასცა და ექსპორტის მკაცრ კონტროლს მოელის.
























