მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა პუტინსა და სი ძინპინთან სამმხრივი სამიტის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა

ტრამპი პუტინი და სი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინთან სამმხრივი სამიტის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დღის წესრიგი ბირთვულ განიარაღებას დაეთმობა.

ამერიკელი ლიდერის განმარტებით, სი ძინპინის სურვილის შემთხვევაში, მხარეები სავაჭრო ურთიერთობებსა და სხვა საკითხებსაც განიხილავენ, თუმცა შეხვედრის მთავარი საფუძველი ბირთვული იარაღის შემცირება იქნება.

თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა The Wall Street Journal-ს დაუდასტურა, რომ სამიტის ორგანიზების შესახებ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ შეხვედრის ზუსტ დღის წესრიგზე მკაფიო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს, დონალდ ტრამპმა სამიტის მთავარ თემად მიმდინარე ომის განხილვა გამორიცხა და აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენენ.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის ლიდერი და ოთხწლიან კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა. მან განაცხადა, რომ კიევის სახელით მოლაპარაკებები სხვა პირმა უნდა აწარმოოს.

თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ფრონტის ხაზი უმნიშვნელოდ შეიცვალა, კონფლიქტს კი მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ჩინეთში მომდევნო თვეში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ მოსკოვის ინიციატივით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დონის მოლაპარაკებების იდეა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები შეუმსუბუქა და პუტინთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები