ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი სამიტი დაიწყო.
შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს უკრაინაში ომის დასრულების პროცესში ერთობლივი ჩართვა სურთ. ტრამპის თქმით, კონფლიქტის შეწყვეტა მისი დიდი სურვილია და ამ პოზიციას ორივე ქვეყნის სახელით მოლაპარაკებებისასაც დააფიქსირებს.
რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს, პეკინი, ვაშინგტონი და მოსკოვი მასზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩინური მხარის განცხადებით, სამი ლიდერი "მსოფლიო მშვიდობის" დაცვასა და ზესახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებაზე სიღრმისეულ დისკუსიას გამართავს, თუმცა სი ძინპინი უკრაინის კონფლიქტს პეკინის მოსაგვარებელ პრობლემად არ მიიჩნევს.
კრემლის ცნობით კი, მოლაპარაკებების გეგმა საბოლოოდ შეთანხმებული ახლაც არ არის, თუმცა რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე უკრაინის თემისთვის გვერდის ავლა რთული იქნება.
განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა მოხვდეს ბირთვული განიარაღებაც, რა მხრივაც ამერიკის პოზიცია დადებითია, ჩინეთი კი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯები თეთრმა სახლმა უნდა გადადგას.
აღსანიშნავია, რომ სამმხრივ სამიტამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან ცალ-ცალკე პირისპირ შეხვედრებიც გამართა. ჩინეთის პრეზიდენტთან წელს უკვე მესამე შეხვედრაზე ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების საერთო ინტერესზე ისაუბრა.























