მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიპების დეფიციტის გამო Jaguar Land Rover-მა $12 მლნ დაკარგა

61f8d4f3d3219
თათია კაკიაშვილი
01.02.22 22:30
862
2021 წლის ბოლო კვარტალში, ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო, Jaguar Land Rover-მა $12 მლნ დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ბრიტანული ავტომწარმოებლის გაყიდვები 37.6%-ით დაეცა და დეკემბერში კომპანიამ მხოლოდ 80 ათასი ახალი ავტომობილის გამოშვება შეძლო.

Jaguar Land Rover-ში აცხადებენ, რომ ავტომობილების შეზღუდული მარაგის მიუხედავად, კომპანიის მიერ წარმოებულ მანქანებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, რაც Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლების შეფასებით, „ხაზს უსვამს Jaguar-ის ავტომობილების სასურველობას“. სფეროს ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩიპების დეფიციტი 2022 წელსაც გაგრძელდება, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მიწოდება თანდათან გაუმჯობესდება.

ცნობისთვის, თანამედროვე ავტომობილებისთვის ჩიპები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც მას მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის: მანქანის სენსორული კონტროლი, ე.წ. ავტომატული მუხრუჭები, უკანა ხედვის კამერა, საწვავის ეკონომიურად გამოყენების რეჟიმი და სხვა.

რაც შეეხება ინდუსტრიის ბოლოდროინდელ მდგომარეობას, გასულ კვირას გაერთიანებულ სამეფოში ავტოწარმოება ისტორიულ 1965-წლიან მინიმუმამდე დაეცა. შარშანდელი წარმოების მაჩვენებლები, 2020 წელთან შედარებით, 6,7%-ით ნაკლები იყო; ხოლო პანდემიამდელ დონესთან შედარებით 34%-ით დაბალი.