მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: როდის აღდგება საკრუიზო მოგზაურობა მსოფლიოში?

6050cfd4b769f
მარიამ ადამია
18.03.21 10:15
859
უკვე ერთი წელია, რაც საკრუიზო ინდუსტრია კოვიდ-ქარიშხალში მოჰყვა და ეს მიმართულება ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად დასახელდა. ამიტომაც შეწყდა ყველა ტიპის აქტივობა, რაც კრუიზს, ზღვა-ოკეანესა თუ გემს უკავშირდება. კერძო სექტორმა შეაჩერა ცურვა და სამყაროსთან ერთად ისიც დაპაუზდა, თუმცა აქაც დღის წესრიგში ადამიანებისა და მათი სახლში უსაფრთხოდ დაბინავების საკითხი დადგა. პორტებმა იმ დროისთვის კრუიზში მყოფი ადამიანებისთვის კარი ჩაკეტეს და მათი ტრანსპორტირება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ, კოვიდ-ინფექციის ზრდასთან ერთად გემზე მყოფ მგზავრებს ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეექმნათ და ბევრი დავის შედეგად ადამიანებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს. ამ ფაქტის შემდეგ მრავალმილიარდიან ინდუსტრიაში გაუგებრობა და გაურკვევლობა დაიწყო და ამ შემთხვევაშიც მხსნელისა და გაკოტრებისგან თავის დაღწევის ფუნქცია ვაქცინამ შეიძინა. 

მიუხედავად იმისა, რომ დაწყებულმა ვაქცინაციამ მსოფლიოში ოპტიმიზმი შემოიტანა და ზოგიერთ ქვეყანაში დამანგრეველი მეორე ტალღის შემდეგ Covid–სტატისტიკა საბოლოოდ იკლებს, საერთაშორისო მოგზაურობა კვლავ შეზღუდულია; თუმცა ახლა გვაქვს ის, რაც აქამდე ნელ-ნელა გვეწურებოდა - იმედი. ახლა მთავარი კითხვაა, გადატანილი პანდემიური წლის შემდეგ როდის ან როგორ უნდა აღდგეს საკრუიზო მოგზაურობა.

დღევანდელი მონაცემებით, ვიცით, რომ მსოფლიოს მთავარი საკრუიზო ხაზების უმეტესობამ მოგზაურობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულამდე გააუქმა და რეალურად არც ის იციან, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კოვიდ-კრუიზი. არის ვარაუდები, რომ სამყაროს თავის კალაპოტში ჩადგომის შემდეგაც რთული იქნება ტურიზმის ამ მიმართულების დაბრუნება.
ამის მცდელობა პირველი ტალღის შემდეგ იყო ევროპაში, თუმცა მორიგმა აფეთქებამ გეგმები ისევ ჩაშალა.

ცხადია, ამ ფაქტმა ბიზნესის წარმომადგენლები ვერ შეაჩერა და ისევ მიმდინარეობს მსჯელობა, დატესტვა და ინდუსტრიის ამოქმედების მცდელობა, ასე რომ, ტურები მარტის ბოლოდან ევროპაში მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ჩანიშნული. ამერიკაში ჯერ ისევ განხილვის ეტაპზე არიან. კანადამ ეს მიმართულება 2022 წლამდე აკრძალა. ბრიტანეთში კი მაისის ბოლომდე გამორიცხულია ამ კუთხით რაიმე სიახლის შეთავაზება და აღდგენა.

სექტორის წარმომადგენლებისთვის ცუდი ამბავია ის, რომ ადამიანები ცდილობენ, მოგზაურობა დაიწყონ, თუმცა საკრუიზო მიმოსვლას თავს მაინც არიდებენ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი დროებით, მოკლე საკრუიზო მარშრუტებით ჩანაცვლდება, რაც მეტად ბიუჯეტური იქნება და ამ გამოცდილების მიღებას შეძლებს ყველა, ვინც აქამდე ფინანსური ან დროის უქონლობის გამო ამას ვერ ახერხებდა.

ასე რომ, მოთხოვნის გაზრდასაც პროგნოზირებენ. დიდ საკრუიზო ლაინერებზე მოხვედრა და ჩასხდომა კი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც მსოფლიოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრება და მოგზაურობასაც, საბუთის წარდგენის შემთხვევაში, სწორედ ეს აცრილი ტურისტები შეძლებენ, ხოლო სიცხის გაზომვა, პირადი ჰიგიენის დაცვა და დისტანცია, როგორც ექსპერტები ამბობენ, კრუიზზე კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, ისევე როგორც საკრუიზო ლაინერით გადაადგილების შიში.
წყარო: CNN