მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი APM-ზე: პირველ რიგში, ინვესტორი უნდა ჩამოყალიბდეს ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესაძლებლობაზე

5d91e28ca7ecd
ელენე გოგბერაშვილი
30.09.19 15:35
953
"პირველ რიგში, ინვესტორი უნდა ჩამოყალიბდეს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაზე", - ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა "APM ტერმინალსის" ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის ოპერატორ "ეიპიემ ტერმინალსს" ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის მოთხოვნილ მიწებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები განუსაზღვრა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2019 წლის პირველი მაისის ბრძანება სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავდა, რადგან მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ის უნდა გამოცემულიყო, არ იყო შესრულებული, ხოლო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრო არ იყო საქმის კურსში, თუ რას აკეთებდა მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი.

ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება გააუქმა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორის, APM Terminals-ის ხელმძღვანელის კლაუს ლოურსენის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში მათი მოთხოვნით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის ბრძანებას ეხება, რომლითაც ფოთის პორტის მიერ მოთხოვნილ მიწებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები განისაზღვრა.

კითხვაზე, ჩამოყალიბდა თუ არა საქართველოს მთავრობა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა: 

"ჩემთვის როგორც ცნობილია, რადგანაც ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას უფრო განეკუთვნება, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას ჩამოსაყალიბებელი ჯერ არაფერი არ აქვს, რადგან უშუალოდ ინვესტორი უნდა ჩამოყალიბდეს პირველ რიგში ამ პროექტის განვითარების შესაძლებლობებზე.

ჩვენ რაზეც ვართ ჩამოყალიბებულები ყველანი, ჩვენთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის პრიორიტეტული პროექტი, რომელშიც საქართველოს მთავრობა დებს ინვესტიციას.

მოგეხსენებათ, ეს არის 250 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია როგორც თანხობრივად, ისე ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით. ეს არის კიდევ დამატებით მიწის ნაკვეთები ჯამში 1000 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გადაცემა, არის კონსტიტუციაში ჩვენი ხელისფლების მიერ გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობას განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმით, ამდენად ეს არის ის უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოყოფს ანაკლიის პორტში.

რაც შეეხება ფოთის პორტს, სხვა პორტებს, რაც ქვეყანაშია, ჩვენ მივესალმებით ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით ისეთი ინფრასტრუქტურის, რომელიც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი", - აცხადებს ცქიტიშვილი.