ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. დღეს პორტის კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა BMG-ის განუცხადა, რომ საინვესტიციო შეთანხმება თითქმის ფინალიზებულია და მას ხელი, სავარაუდოდ, მომდევნო თვის ბოლოს მოეწერება. როგორც იენ როლინსონი განმარტავს, ხელმოწერიდან დაახლოებით ერთი წლის ვადაში კომპანია პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
“სახელმწიფოსთან გასაფორმებელი შეთანხმების ფინალიზებას ვახდენთ. ჩვენ მოველით, რომ შემდგომი თვის ბოლოს ამ მხრივ უკვე ყველაფერი ფორმალიზებული გვექნება. ჩვენ გვქონდა არაერთი კონსტრუქციული შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი და სახელმწიფოს იურიდიული გუნდები ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ შეთანხმების ტექსტის მოსამზადებლად და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვის ბოლოს ის ხელმოწერისთვის იქნება მზად.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ როგორც კონტრაქტორებთან, ასევე კონსულტანტებთან და მუშაობას დავიწყებთ მაშინვე, როგორც კი სახელმწიფოსგან შესაბამის ნებართვას მივიღებთ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშუალოდ ადგილზე სამუშაოების წარმოებას მომდევნო წლის ბოლოს დავიწყებთ. ჩვენი პროგნოზით, პორტის განვითარების პირველი ფაზა 2026 წელს უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში,”- განაცხადა როლინსონმა.
რა ზომის და სიღრმის იქნება ფოთის პორტის ახალი ტერმინალი?
ფოთის პორტის ახალი ტერმინალის შესახებ ცნობილი ხდება კომპანიის მმართველობით ანგარიშში, სადაც ნათქვამია შემდეგი:
„კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ადგილიდან ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. პროექტი მოიცავს დამატებითი, 1,800-მეტრიანი ტალღასაჭრელის, 400-მეტრიანი ნავმისადგომის და 25 ჰექტარი სასაწყობო ტერიტორიის მშენებლობას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ზედ-სტრუქტურებით. გაფართოების პროექტი მიმართულია ორივე, ნაყარი და საკონტეინერო ტვირთებისკენ და საშუალებას მისცემს ნავსადგურს, მოემსახუროს 250 მ. საერთო სიგრძის და 13.5 მ. სიღრმის წყალწყვის მქონე გემებს. შედეგად ნავსადგურს საშუალება მიეცემა, რომ ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებითა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებით, რომელიც წაადგება ფოთსა და საქართველოს, მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი ღირებულება უფრო დიდი გემების მიღებისა და უფრო სწრაფი ბრუნვის შეთავაზების შედეგად“, - ნათქვამია ანგარიშის სამომავალო გეგმების თავში.
მთავრობის განცხადებით, ისინი უკვე წლებია APM-თან საინვესტიციო შეთანხმების მომზადებაზე მუშაობენ.
“კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები, უშუალოდ მე მაქვს წელიწად-ნახევარია. მანამდეც იყო არაერთი თვე მოლაპარაკება. მიწა პირველი დღიდან დღემდე არაა განხილვის საგანი. ჩვენ მათ მიწას ვაძლევთ. მაგრამ ამ მიწის გადაცემა იქნება იმ ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მთავრობასთან უნდა გაფორმდეს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ რაღაც სამუშაოები უკვე გასწიეს, როგორც იცით. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დასრულებული. მაგრამ იმისთვის, რათა მიიღონ მშენებლობის ნებართვა, მათ მთავრობასთან უნდა ჰქონდეთ შეთანხმება,”- ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სხვადასხვა ინფორმაციით, ახალი ტერმინალის საინვესტიციო მოცულობა 170-250 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.