საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით APM Terminals-თან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა სახელმწიფო კომპანიასთან ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე ვერ თანხმდება - ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენისას, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“ფოთის პორტთან დაკავშირებით, კომპანია APM-თან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ჩვენ კომუნიკაციის არაერთი რაუნდი გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ კომპანიისგან ხშირად იცვლებოდა საინვესტიციო პრიორიტეტები. იმედია, შევჯერდებით იმ პირობებზე, რომლებიც მისაღები იქნება სახელმწიფოსთვისაც და - კომპანიისთვისაც, რათა მათ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ”, - ამბობს დავითაშვილი.
მინისტრის განმარტებით, APM-ი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს, რაც, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფოსთვის “დიდი ტვირთია”.
“ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ მათ მხოლოდ ინვესტიციები განახორციელონ - პირობები სახელმწიფოსთვისაც მისაღები უნდა იყოს. APM სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს. ჩვენ ვაშენებთ ანაკლიის პორტს, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება უწევს სახელმწიფოს, ასე რომ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები მეორე პროექტშიც, საკმაოდ დიდი ტვირთია სახელმწიფოსთვის.
თუ შევჯერდებით ინვესტორებისთვის და სახელმწიფოსთვის მისაღებ პირობებზე, რა თქმა უნდა, ფოთის პორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის მთავარ პორტს წარმოადგენს საქართველოსთვის და მისი მოდერნიზაცია დღემდე აქტუალური ამოცანა იყო. უკეთესი იქნებოდა, რომ გვეხილა მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, უფრო პასუხისმგებლიანი ყოფილიყო ინვესტორთან შეთანხმება, რომელიც თავის დროზე დაიდო, და უფრო კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით”, - ამბობს დავითაშვილი.
APM Terminals-მა, ფოთის პორტთან დაკავშირებით, განცხადება გასულ თვეს გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანია მზად არის, პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას APM ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.