მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინია, რომ მთავრობასთან პორტის გაფართოებაზე შეთანხმებას უახლოეს თვეებში მივაღწევთ - APM Terminals

ფოთის პორტი

APM ტერმინალს ფოთში აცხადებენ, რომ პორტის პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან გარკვეული დეტალების შეთანხმება დარჩა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან როიდერმა BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ აღნიშნულ დეტალებზე შეთანხმება უახლოეს ხანებში შედგება, რის შემდეგაც პროექტის კონკრეტული ვადები გაიწერება.

მისი თქმით, APM TERMINALS-ის საინვესტიციო გეგმები არ შეცვლილა და მათი სურვილია, რომ მომდევნო წლებში პორტის გამტარუნარიანობამ მილიონ TEU-ს გადააჭარბოს.

“არაერთი წელია საქართველოს მთავრობასთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს და შუა სატრანსპორტო დერეფნის მიმართ. ფოთის პორტის პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მთავრობასთან გარკვეული დეტალების შეთანხმება დარჩა. მცირე დეტალებია, რომელთა გადაჭრაც რთული არაა. იმედი მაქვს, რომ ამ დეტალებს უახლოეს თვეებში შევათანხმებთ, რის შემდეგ უკვე მომავალი წლის დასაწყისში პროექტის ვადებზე შევთანხმდებით. ფოთის პორტს გამტარუნარიანობის ზრდა სჭირდება. გაფართოების პროექტი ითვალისწინებს, რომ საბოლოოდ პორტის გამტარუნარიანობამ მილიონ TEU-ს გადააჭარბოს. თუმცა ეს პროცესი ფაზებად დაიყოფა, რაც მათ შორის, მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მოთხოვნას, საქართველოს მიმართ ინტერესი შუა დერეფანში კვლავ მაღალია, განსაკუთრებით ცენტრალური აზიიდან და ვფიქრობთ, ეს ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა ქრისტიან როიდერმა.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ APM TERMINALS-ს სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული კონფიგურაციის პირობები ჰქონდა მოთხოვნილი. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა კომპანიასთან სრულად შეჯერდება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ APM ტერმინალს ფოთის აცხადებდა, რომ ფოთის პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდებოდა. ეკონომიკის მინისტრი კი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურების მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილება იყო.

ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები