APM ტერმინალს ფოთი (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის, პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას APM ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ეს განცხადება დღეს ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება როგორც ჩანს ამ დრომდე არ გაფორმებულა.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაახლოებით 1 თვის წინ ამბობდა, რომ იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და APM Terminals-ს შორის ფოთის პორტის გაფართოებაზე შეთანხმება განხორციელების ეტაპზე გადავიდეს, გარკვეული საკითხებია შესათანხმებელი.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან ყველა საკითხი მოგვარებულია, მზად არის ყველა სახის დოკუმენტაცია და დარჩენილია მხოლოდ მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმება.
მისი თქმით, მთავრობას კომპანიამ არაერთხელ წარუდგინა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გარანტიები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროში გაჭიანურდა.
“დასრულებული არის მოლაპარაკებების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების სააგენტოს შორის იმართებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა. ამ ეტაპზე ვერ დავარქმევთ, რომ შეფერხდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
გარანტიები ჩვენი მხრიდან იყო დაფიქსირებული როგორც წერილობით, ისე პირად საუბრებში. თქვენ იცით, რომ MAERSK-ის ჯგუფის წევრ კომპანიას, ეს არის ევროპული კომპანია და როცა ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციას წერილობითად, ოფიციალურად ხდება ყველაფრის დაფიქსირება. ჩვენ ჯერ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების პროცესში, პირადად შევათანხმოთ გარკვეული საკითხები, მას შემდეგ კი წერილობით მივმართავთ როგორც ეკონომიკის მინისტრს ისე პრემიერს”, - ამბობს “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.
მისი განმარტებით, ისინი მზად არიან იმ შემთხვევაში თუ ახალ პრემიერ მინისტრს კითხვები ექნება უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ და მათ ყველა კითხვას უპასუხონ. მისი თქმით, დრო აღარ იცდის, რადგან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ არ მოხდა, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებას საქართველო ვერ მოახერხებს. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებითაც, რადგან პორტის გაფართოებაზე მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები 2 წელია მიმდინარეობს.
“ჩვენ ავუხსენით ეკონომიკის სამინისტროს, რომ დღეს თუ ჩვენ ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ ფოთის ნავსადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი შუა დერეფნის განვითარების პროცესში, ხვალ შეიძლება ეს გახდეს ე.წ ჩიხი. თუ გამტარუნარიანობა სტაბილურად არ შენარჩუნდა და არ გაიზარდა მაშინ მივალთ იქამდე რომ ეს იქნება ჩიხი. ეს რომ არ მივიღოთ ამიტომ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავაჩქაროთ პროცედურები. შეიძლება დაჩქარებაც აღარ ეწოდოს, უკვე როცა 2 წლის განმავლობაში მიდის მოლაპარაკებები, ამიტომ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ოდნავ შეფერხებულია. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, თუ ჩვენ არ განვითარდით ჩვენს უკან დგას კონტრაქტორი. ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება, ეს უკავშირდება მთელ რეგიონს და შუა დერეფანს”, - ამბობს “APM ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.
კომპანიის ინფორმაციით, ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში. პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას.
„ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით,“ - ამბობს ხულიან ფერნანდესი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მმართველი დირექტორი.
გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდება, ეტაპობრივად, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. „ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან ეიპიემ ტერმინალსი სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება,” - დასძინა ხულიან ფერნანდესმა.
მათი თქმით, პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე ShipTo-Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც APM ტერმინალს ფოთი შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს ფოთში შემოსულ გემებს. ამავდროულად, პროექტის განხორციელება, ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 000 TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს.
გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა.
კომპანიის შესახებ: ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V. ეიპიემ ტერმინალსი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში. APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.
ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.