გველის ხანგრძლივი დიალოგი კომპანიასთან, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა BM.ge-ის კითხვას, თუ რა ვითარებაა ფოთის პორტის გაფართოების მიმართულებით.
ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიას სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული კონფიგურაციის პირობები ჰქონდა მოთხოვნილი და ახლა, იმედი გამოთქვა რომ სრულად შეჯერდებიან.
"ფოთის პორტთან დაკავშირებით გველის მუდმივი დიალოგი კომპანიასთან. იცით, რომ კომპანია მუშაობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტზე, რაც მიღებული აქვს. კომპანიას, სხვადასხვა ტიპის რამდენიმე საინვესტიციო გეგმა ჰქონდა. როცა კომპანია ჩამოყალიბდება საინვესტიციო პირობებზე, ჩვენ ღია ვართ განვიხილოთ. სხვადასხვა კონფიგურაცია იყო სხვადასხვა ეტაპზე ინვესტორის მხრიდან მოთხოვნილი. იმედი მაქვს, რომ აქ შევჯერდებით და კომპანიის და სახელმწიფოს ინტერესი იქნება სრულ თანხვედრაში", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, “APM ტერმინალს ფოთის“ მტკიცებით, ფოთის პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდება. ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით კი, მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილებაა. „APM სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს“, - აპრილში ახალი დეტალი გააჟღერა ლევან დავითაშვილმა.
ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.