მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში ჩვენების მისაცემად ივანიშვილი სასამართლოს საქართველოდან ჩაერთო

6196605543e58
BM.GE
18.11.21 18:25
2091
Bloomberg-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბერმუდის კუნძულების უზენაეს სასამართლოში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის არსებულ დავაზე მორიგი მოსმენა გაიმართა.

“ქართველი მილიარდერი, რომელსაც Credit Suisse-ის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს დაწყებული სარჩელები და მას ასობით მილიონი დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს, ბერმუდის კუნძულების სასამართლო სხდომაზე წარსდგა საქართველოდან ონლაინ ჩართვის და თარჯიმნის საშუალებით და სადაც მან ბანკთან დაკავშირებით 2019 წლის შემდგომ პირველად ისაუბრა,”- ნათქვამია სტატიაში.

"ასეთი თავხედობა, რომელიც Credit Suisse-თან ურთიერთობაში გამოვცადე, არ შემხვედრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთისა და საქართველოს ყველაზე ველურ კაპიტალიზმშიც კი. არასდროს მინახავს, მომხმარებელს ასე ცუდად სადმე სხვაგან მოპყრობოდნენ. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა", – თქვა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოზე.

საქმე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას უკავშირდება. მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა.

ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე პროცესში, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ბერმუდის კუნძულებზე გახსნილი “დაზღვევის” ანგარიშზე პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო $400 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. სწორედ ბანკის პასუხისმგებლობას ეხება ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე პროცესი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილი ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.