მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cushman&Wakefield Georgia: „5-7 წლიან ჭრილში წყალტუბოში ინვესტიციები $200 მლნ-ს გადააჭარბებს“

614cb09f1234a
თათია ჩაფიჩაძე
23.09.21 23:30
884
წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. გენგეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად ოთხი მთავარი სტრატეგია უნდა დაედოს: 1. მთავარი რესურსის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება; 2. ქალაქის საცხოვრებლად სასიამოვნო ადგილად გადაქცევა, მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით; 3. კულტურული მემკვიდრეობის და ადგილის მეხსიერების შენარჩუნება, ფასეულობების გაძლიერება და ფუნქციების განვითარება; 4. წყალტუბოს და ქუთაისის სინერგიული ურთიერთობის აღდგენა და გაძლიერება.

Cushman & Wakefield-ის პროგნოზით, მომავალი ათი წლის განმავლობაში, წყალტუბოში განთავსების ობიექტებში არსებულ მიწოდებას 2,000-ზე მეტი ოთახი დაემატება, საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა კი 1-2 ღამიდან 5-8 ღამემდე გაიზრდება. ქალაქის განვითარების კვალდაკვალ, ასევე პროგნოზირებულია, რომ წყალტუბოში ვიზიტორების რაოდენობა 2030 წლისთვის 350,000-ს გადააჭარბებს.

„კონცეფციას საფუძვლად უდევს წყალტუბოს ფუნქციური გამრავალფეროვნება, რაც წინაპირობაა იმის რომ წყალტუბოზე მოთხოვნა გაიზრდება. როცა ის განვითარების პიკში იყო, მას სტუმრობდა 350-400 ათასი ვიზიტორი წელიწადში, დღეს ეს რიცხვი დავარდნილია 25 - 27ათასამდე. ვფიქრობთ, რომ თუკი ჩვენი კონცეფციით განვითარდება და შეიქმნება ის ფუნქციური სინერგია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ღერძია კონცეფციის, მიღწევადია ისევ 250-300 ათასი ვიზიტორის სტუმრობა წელიწადში. კონცეფციის განვითარება გაზრდის სამუშაო ადგილებს, მოიწვევს უცხოელ ინვესტორებს.

ჩვენ შევაფასეთ საინვესტიციო მოცულობები, 16 საინვესტიციო მემორანდუმი შეიქმნა, რომელიც განიხილავს იმ ფუნქციებს, რომელიც უნდა განვითარდეს წყალტუბოში. წინასწარი შეფასებით, სახელმწიფო ისევე როგორც კერძო სექტორის ინვესტიცია, 5-7 წლის ჭრილში, 200 მლნ დოლარს გადააჭარბებს", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში Cushman & Wakefield-ის კვლევის ავტორმა თეკლა იაშაღაშვილმა.

საპროექტო ჯგუფი წყალტუბოს კონცეპტუალური გეგმის შემუშავებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მუშაობდა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა. ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ იმუშავა, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის საერთაშორისო გუნდმა შეაფასა.