მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან წყალტუბოში 3 სანატორიუმი გასხვისდა - ვინ, რამდენად და რა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა?

წყალტუბო

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალტუბოში სამი სანატორიუმი გაყიდა.

ინფორმაცია BM.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც ირკვევა, შარშან პრივატიზებულ სანატორიუმებს შორისაა: სანატორიუმი "წყალტუბო"; სანატორიუმი "სამგურალი" და სანატორიუმი „უშიშროება“.

სამივე სანატორიუმი პირდაპირი პრივატიზების ფორმით გასხვისდა, თუმცა იქამდე თითოეული აუქციონზე 2-2-ჯერ გამოიტანეს, მაგრამ მსურველი არ გამოჩნდა და აუქციონი ვერ შედგა.

სამივე სანატორიუმის ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 21 775 000 ლარია, მაგრამ როგორც ქონების სააგენტოში აცხადებენ, ინვესტორებმა საინვესტიციო ვალდებულებებიც აიღეს.

2023 წელს პრივატიზებული წყალტუბოს სანატორიუმების მფლობელები და საინვესტიციო ვალდებულებები

სანატორიუმი "წყალტუბო"

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-ის კითხვების პასუხად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სანატორიუმი "წყალტუბო" 11,262,000 ლარად გაიყიდა. სანატორიუმის მფლობელი შპს „გოლდენ თაუერია“.

კომპანია 2021 წელსაა რეგისტრირებული და ბიზნესრეესტრის თანახმად, 49%-იანი მეწილე ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედია, საკონტროლო 51%-ს კი კატარის მოქალაქე ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანი ფლობს.

კატარულ-ეგვიპტური საინვესტიციო ჯგუფი ვალდებულია, არაუგვიანეს 60 თვისა მინიმუმ 33 784 500 ლარის ინვესტიცია ჩადოს და შეძენილ უძრავ ქონებებში მოაწყოს არანაკლებ 420-ნომრიანი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი რესტორნებით, საკონფერენციო დარბაზებით, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელ ცენტრით, ღია და დახურული აუზებით, სავაჭრო ცენტრებით და ა.შ.

სანატორიუმი „უშიშროება“

2023 წელს, პირდაპირი პრივატიზების ფორმით, 8,470,000 ლარად იყიდა სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“, რომელიც შარშან გაზაფხულზეა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი მფლობელი გერმანიის მოქალაქე ვიქტორ იგნატიევია.

„ტანდემ ესთეიტიმ“ აიღო ვალდებულება, რომ 60 თვის ვადაში ანუ ხუთ წელიწადში სანატორიუმ „უშიშროების“ ადგილას იფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არანაკლებ 40 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. ჯამური საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 707 500 ლარია, რომელიც ასევე 5 წლის ვადაში უნდა ჩადოს.

სანატორიუმი "სამგურალი"

საქართველოს მთავრობამ, საჯარო აუქციონზე ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2023 წელს სანატორიუმი "სამგურალი“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მიჰყიდა შპს „ჰარმონია წყალტუბოს". საპრივატიზებო თანხა - 2 043 000 ლარი. ბიზნესრეესტრის თანახმად, „ჰარმონია წყალტუბო“ 2023 წლის ზაფხულშია რეგისტრირებული და ამ კომპანიაში გერმანიის მოქალაქე ვიქტორ იგნატიევი საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელია; 41% ნათია ნაცვლიშვილს ეკუთვნის, 8%-ს კი, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ნატალია წერეთელი ფლობს.

რაც შეეხება საპრივატიზაციო ვალდებულებებს, ინვესტორმა 5 წელიწადში უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარებისთვის 5 129 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და ადგილზე არანაკლებ 70 ერთეული სასტუმრო ნომერი ან საცხოვრებელი აპარტამენტი უნდა მოაწყოს.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ სულ 5 სანატორიუმის გაყიდვა მოახერხა. 2022 წელს გასხვისდა სანატორიუმები „მედეა“ და „თბილისი“.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალტუბოს სანატორიუმები

ამ დროისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება 11 სანატორიუმი, რომელთაგან ერთი სანატორიუმი „მეშახტე“ 2015 წელს გაიყიდა, მაგრამ სავარაუდოდ, ინვესტორის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების ვერშესრულების გამო, სახელმწიფომ უკან დაიბრუნა.

სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სანატორიუმებია: სანატორიუმი "მეგობრობა", სანატორიუმი "იმერეთი", სანატორიუმი "აია", სანატორიუმი "სავანე", სასტუმრო "წყალტუბო", სანატორიუმი "სინათლე", სანატორიუმი "ფილიალი", სანატორიუმი "გეოლოგი", სანატორიუმი "გელათი", სანატორიუმი "რკინიგზელი" და სანატორიუმი "მეშახტე".

news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები