06.ივლისი .2021 12:43

დაავიწყდა თუ არა მთავრობას დაპირება, რომ 2030 წლისთვის მშპ ერთ მოსახლეზე $10,000 უნდა გახდეს?

დაავიწყდა თუ არა მთავრობას დაპირება, რომ 2030 წლისთვის მშპ ერთ მოსახლეზე $10,000 უნდა გახდეს?
views 2932
უკან

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის 10-წლიანი ეკონომიკური სტრატეგია წარადგინა. მინისტრის თქმით, 2025-2030 წლებში საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი 5%-5.2%-ის ეკონომიკური ზრდა ექნება.

მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება: 

“უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აპრილსა და მაისში საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა სულ მცირე 8% იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული წლის ვარდნას სრულად გავანულებთ და აბსოლუტურ ზრდაზე გადავალთ, ხოლო შემდეგ 2025-2030 წლებში 5%-5.2%-იან ზრდას შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური ზრდის რეგიონალური ლიდერის სტატუსს განგვიმტკიცებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამართულ მოხსენებაში განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ 2030 წელს საქართველოს ნომინალური მშპ ერთ მოსახლეზე $10,000 დოლარი გახდეს.

2020 წელს ერთ მოსახლეზე საქართველოს მშპ $4,274 დოლარი იყო შესაბამისად, პრემიერის დაპირების მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2.34-ჯერ უნდა გაიზარდოს. 

მარტივად არის შესაძლებელი დათვლა, რომ 10 წელში ერთ მოსახლეზე $10,000 დოლარის მიღწევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ყოველწლიურად მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს. 

შესაბამისად, რადიკალურად განსხვავებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ დღეს წარდგენილი გეგმა, რომელიც 2025-2030 წლებში არა 9%-იან, არამედ 5%-5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.

უფრო მარტივი ილუსტრაციისთვის, წარმოგიდგენთ გრაფიკს რომელზეც ეკონომიკური ზრდის 3 სცენარია ასახული. 10 წლის განმავლობაში განგრძობადი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ნომინალურად საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10,100 იქნება, განგრძობადი 7%-იანი ზრდით ეს მაჩვენებელი $8,400-ს მიაღწევს, 5%-იანი ზრდის პირობებში კი მხოლოდ $7,000 ხდება.



სადღეგრძელოებად დარჩენილი სტრატეგიული დოკუმენტები:

“სტრატეგია 2030” ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში შემუშავებული უკვე მეორე სტრატეგიული დოკუმენტია. პირველი ასეთი დოკუმენტი - სტრატეგია "საქართველო 2020" მთავრობამ მისი პრემიერობის პირველი ვადის დროს, 2014 წლის ზაფხულში დაამტკიცა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ წინა სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაზე დიდი დრო დახარჯა, მისი მიღებიდან მალევე დოკუმენტის ეკონომიკური თავი მაკულატურად იქცა, რადგან 2014 წლის ბოლოს სავალუტო კრიზისი დაიწყო და მას შემდეგ ლარმა ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა, 2015-2016 წლებში კი ეკონომიკური ზრდა შენელდა. შედეგად, "საქართველო 2020"-ის სტრატეგიული სამიზნე საქართველოს 2020 წლისთვის მშპ-ის 40%-ზე ნაკლები ვალი ჰქონოდა მიუღწეველი აღმოჩნდა. ასევე მიუღწეველი აღმოჩნდა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სხვა არაერთი პუნქტიც.

სავალუტო კრიზისის გამო, დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე დაახლოებით 2011-2012 წლის დონეზეა

 თუკი ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მშპ-ს ზომას დავაკვირდებით ვნახავთ, რომ მთავრობის ამბიციური დაპირებების მიუხედავად, დოლარში გამოსახული საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე ფაქტობრივად უცვლელია და ის დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 2011 წელს იყო. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია სავალუტო კრიზისის, რომლის გამოც ეროვნულმა ვალუტამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა - შედეგად მივიღეთ ვითარება, რომ ქვეყანა ლარებში გაიზარდა, თუმცა დოლარში მიმდინარე ფასებში გაზომილი მშპ არ გაზრდილა. წინა გრაფიკებში წარმოდგენილი რიცხვები ემყარება დაშვებას, რომ მომავალში ლარის გაცვლითი კურსი არ შეიცვლება, თუმცა რა თქმა უნდა ცვლილება იქნება თუ რა მიმართულებით ამის განსაზღვრა ისევე შეუძლებელია როგორც იმის პროგნოზირება თუ როგორი იქნება მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა