მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაეხმარება თუ არა პეკინის ოლიმპიადა ციფრულ იუანს გავრცელებაში?

61fa215caf7da
თათია კაკიაშვილი
02.02.22 23:40
878
ჩინეთი იმედოვნებდა, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები იუანის გაციფრულება-განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. თუმცა რეალური სურათი მოლოდინისგან განსხვავებულია, რაშიც ძირითადი როლი გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და პანდემიას უკავია: კორონავირუსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ციფრული ვალუტის პროექტს დიდ დარტყმას აყენებს.

CNN-ის ცნობით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანა ციფრულ იუანს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში აქტიურად ცდის. ციფრული ფულის ამგვარი მიმოქცევა ჩინეთს რეალურ შესაძლებლობას მისცემს, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის შემუშავებისთვის ევროპასა და შეერთებულ შტატებთან გლობალურ რბოლაში დაწინაურდეს. ოფიციალური პეკინი კი დარწმუნებული იყო, რომ ციფრული ვალუტის ფართო გამოყენებისთვის ოლიმპიური თამაშები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

ჩინეთის ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით, ბოლო პერიოდში ციფრული იუანი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებად ისეთ მსხვილ დასავლურ კომპანიებშიც აქტიურად გამოიყენება, როგორებიცაა McDonald’s და Nike, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: წესით, ნაღდ და საბარათე ანგარიშსწორებასთან ერთად, ციფრული ვალუტა გადახდის მესამე ალტერნატივა უნდა ყოფილიყო უცხოელი სპორტსმენებისთვის, რომლებიც პეკინის ოლიმპიადის წინ, ოლიმპიურ სოფლებში დასახლდნენ. ეს გათვლა კი ჩინეთმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა, თუმცა მნიშვნელოვანი ღონისძიების მოახლოებასთან ერთად, არსებობს მოლოდინი, რომ ციფრული ვალუტის აქტიურად გამოყენების მცდელობა წარუმატებელი იქნება. მიზეზი - კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლებია, რომლის გამოც ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას გულშემატკივრების უმეტესობას დასწრება ეკრძალება. 

სიტუაციას პოლიტიკური დაძაბულობაც ართულებს: ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, სამმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა აშშ-ის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტს პეკინის ოლიმპიადის დროს ციფრული იუანის მიღება და გამოყენება აუკრძალა. კომიტეტს მაშინ ამ აკრძალვაზე საჯაროდ არ უპასუხია. მსგავსი რჩევები მისცეს საკუთარ სპორტსმენებს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ. ფაქტია, ჩინური იუანის გაციფრულება მსოფლიოს არ აწყობს.

ამის მიუხედავად, ციფრული იუანი ჩინეთის შიგნით თავს არც ისე დაბალი ტემპებით იმკვიდრებს: ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ციფრული ვალუტის ტრანზაქციებმა 8,37 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს რიცხვი კი თვეში დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარს ნიშნავს.