ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დედაქალაქ პეკინში დღეს შეხვდება.
როგორც ცნობილია, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეები აშშ-ჩინეთის ურთიერთობის საკითხს, რუსეთ-უკრაინის ომს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავენ.
მხარეების შეხვედრას დაესწრებიან ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და საგარეო საქმეთა მინისტრები.
ოფიციალური პეკინის განცხადებით, პირდაპირი შეხვედრის მიზანი დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესება და შესაძლო „გაუგებრობების“ თავიდან არიდებაა.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლების შეხვედრას ამჟამად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან გეოპოლიტიკური რისკები იზრდება, სუპერსახელმწიფოები კი ერთმანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ვითარებას უფრო მეტად ართულებენ, დეესკალაცია კი მთელი მსოფლიოსათვის მისასალმებელია.